მეუფე იაკობი სახლში დარჩენის მოწოდებების გამო იმნაძისგან და გამყრელიძისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს

ბოდბელი მიტროპოლიტი მეუფე იაკობი ამირან გამყრელიძისგან და პაატა იმნაძისგან საზოგადოებისთვის სახლში დარჩენის მოწოდებებს გამო ბოდიშის მოხდას ითხოვს.

მისი თქმით, ინფექციონისტები ხალხს აპანიკებენ, მათგან დაავადებული ადამიანები კი ეკლესიიაში მიდიან.

,,პირდაპირ ვამბობ ამას, ინფორმირებული ვარ და მინდა იცოდნენ, რომ ეკლესიაზე გადაბრალება არავის არ გაუვა. ყველამ იცოდეს თავისი საქმე. ჩვენ დავდივართ წირვებზე, მაგათგან დაავადებული ხალხი ჩვენთან მოდის. რომ აპანიკებენ, ფსიქოზური მომენტები ეწყებათ. ვინც არ მოდის, მათ, ალბათ, ფისოქანალიტიკოსები დასჭირდებათ. თვითონაც თავს თუ ვერ იკავებენ, სანამ გამოვლენ, ჯერ ფსიქოანალიტიკოსებთან გაიარონ, მერე მოვიდნენ და დაგველაპარაკონ.

ჭკუა აქვს იმ ადამიანს, რომელიც ამბობს, აღდგომას ტაძარში არ მიხვიდეთო? ამ ორ ადამიანზე ვლაპარაკობ, სხვა ექიმებზე არაფერი არ მაქვს სათქმელი. გულიანი ადამიანები არიან და სხვანაირად იქცევიან. ვფიქრობ, უნდა გამოვიდნენ და ბოდიში მოიხადონ, ღირსება რომ შერჩეთ. ეკლესიას ვერ მიაყენებენ დარტყმას”,- განაცხადა მეუფე იაკობმა.

მას შემდეგ, რაც მთავრობამ და საპატრიარქომ გადაწყვიტეს, რომ სააღდგომო ლიტურგია მრევლთან ერთად ჩატარდეს, პაატა იმნაძე და ამირან გამყრელიძე მოსახლეობას მოუწოდებენ, არ მივიდნენ ეკლესიაში და ამით გადაარჩინონ ეკლესია, რადგან არსებობს საფრთხე, რომ საქართველოში იტალიის მაგალითი განმეორდეს და პანდემია აფეთქდეს.