უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მადლობას უხდის. მისი თქმით, სუსმა პომპეზურობისა და აფიშირების გარეშე, გიორგი გაბუნიასთვის საფრთხის თავიდან აცილება შეძლო.
“პირველ რიგში, მინდა მადლობა ვუთხრა უსაფრთხოების სამსახურს, რომ მოსალოდნელი საფრთხე თავიდან იქნა აცილებული ყოველგვარი პომპეზურობისა და აფიშირების გარეშე. უსაფრთხოების სამსახურის კომპეტენცია და პროფესიონალიზმი სწორედ ეს არის, რომ საზოგადოების დაზაფვრის გარეშე მოხდეს დანაშაულის აღკვეთა”, – უთხრა იონათამიშვილმა რუსთავი 2-ს.
გუშინ მთავარი არხის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი ჟურნალისტი გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა. მისი თქმით, გაბუნიას რამდენიმე თვის განმავლობაში უთვალთვალებდნენ.
გვარამიას თქმით, საქართველოში დაქირავებული მკვლელი კადიროვმა გაბუნიას მიერ პუტინის გინების გამო გამოგზავნა.
შემდეგ ამ ფაქტს გამოეხმაურა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიც, რომელმაც განაცხადა, რომ ვასამბეგ ბოკოვი ყალბი დოკუმენტის შეძენა-შენახვისა და გამოყენების ფაქტზე დააკავეს, თუმცა თავიდან იქნა აცილებული უფრო მძიმე სხვა დანაშაული.
სუსმა სისხლის სამართლის საქმის მხარეს მოუწოდა, თავი შეიკავოს ნებისმიერი სახის, დაზუსტებული თუ დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისაგან.