უშველებელი სიკეთე გააკეთოს ქვეყნისთვის, თუკი წითელ ხაზს გადასცდება.

„მადლობა ღმერთს, მთელი ხელისუფლება კორუმპირებული არ არის, ვერ იქნება და მადლობა ღმერთს, რომ არსებობს ის რესურსი, რომ არავის არაფერი შეარჩინო, მათ შორის, არც ხელისუფლების ყოფილ წარმომადგენლებს. ღმერთმა ნუ ქნას, ვინმემ დაუშვას კიდევ ასეთი გადაცდომა, მაგრამ ჯერჯერობით გამოძიებას უნდა ვაცადოთ ზუსტი დასკვნები გააკეთოს, მტკიცებულებათა ერთობლიობა წარმოადგინოს სასამართლოში, ამის შემდეგ შეგვიძლია ვიმსჯელოთ კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით. რაც უკვე განხილულია, ამაზე ზომები მიღებულია. დამტკიცებულია, რომ გარკვეული თანხები იყო უკანონოდ მითვისებული, დამტკიცებულია თანამდებობასთან შეუფერებელი საქციელი და ესე მოხდება ნებისმიერ შემთხვევაში, არა მარტო საქართველოში, არამედ ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც სახელმწიფო ზრუნავს იმაზე, რომ კორუფციამ ფრთები არ გაშალოს.

არ ექნება არანაირი შენდობა არც ერთ ადამიანს, რაც არ უნდა უშველებელი სიკეთე გააკეთოს ქვეყნისთვის, თუკი გადასცდება იმ წითელ ხაზს, რომელიც გავლებულია. ამასთან დაკავშირებით ჩვენ კარგად მოვისმინეთ, რა თქვა ბიძინა ივანიშვილმა. როგორც ჩანს, მისი პოლიტიკაში დაბრუნების ეს ეტაპი განპირობებული იყო იმით, რომ ასეთი ნიშნები შეიმჩნეოდა. სამწუხაროდ, ზოგიერთი ნიშანი არა მარტო შეიმჩნევა, არამედ დადასტურდა კიდეც. რა მოხდება საბოლოო ჯამში, რა დასკვნებს დადება გამოძიება, ამას ყველა ერთად მივადევნებთ თვალ-ყურს.

არასწორია იმის მტკიცება, რომ ხელისუფლების სათავეში მყოფმა ადამიანებმა თავიდანვე შექმნეს კორუფციული სისტემა. პირიქით, ქვეყანა თუ გადარჩა, გადარჩა სწორედ იმით, რომ სწორი მართვის სისტემა ჩამოყალიბდა, გინდ უსაფრთხოების თვალსაზრისით, გინდ კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით. შედეგი მივიღეთ – საერთაშორისო დონეზე ჩვენი შეფასება არის უმაღლესი, მათ შორის, კორუფციასთან ბრძოლის საკითხებთან, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ გარკვეულ ეტაპზე ვიღაცამ არ დაუშვა [გადაცდომა]. ეს არ არის საქართველოს მახასიათებელი მხოლოდ. სამწუხაროდ, ეს ხდება დემოკრატიულ საზოგადოებაში, მაგრამ ადეკვატური რეაგირებაა საჭირო. ასე რომ სისტემურობას აქ ადგილი არ აქვს,“

განაცხადა ამის შესახებ, გია ვოლკსიმ.