„ეს აჩვენებს კიდევ ერთხელ, რამდენად უსუსურია ჩვენი ოპოზიცია. მათ ჰქონდათ შანსი, „ქართულმა ოცნებამ“ მათ შორის, პატარა პარტიებს მისცა შანსი 0% ბარიერით მოხვედრილიყვნენ პარლამენტში, გაძლიერებულიყვნენ და ეჩვენებინათ ამომრჩევლისთვის საკუთარი ინდივიდუალური დღის წესრიგი და ამით გაეზარდათ მხარდაჭერა ან გამსხვილებულიყვნენ, ეძებნათ პარტნიორები სხვა პარტიებში, გაერთიანებულიყვნენ. აქედან გამომდინარე, გასულიყვნენ შემდეგ 5%-იანი ბარიერით, რომელიც წლებია კონსტიტუციაში წერია. ნაცვლად იმისა, რომ გამოეყენებინათ ეს შესაძლებლობა, ფაქტობრივად, დღეს გადასული არიან თხოვნაზე, იქნებ რამენაირად დაუწიონ მათ ბარიერი, რომ კიდევ ერთხელ წახალისდეს მათი საქციელი. კიდევ ერთხელ, არანაირი შინაარსი ამ მოთხოვნას არ აქვს, 2024 წლის არჩევნები ოქტომბერში ჩანიშნულია, ყველამ კარგად იცის დიდი ხანია, რომ 5%-იანია ბარიერი, მოემზადონ ამ არჩევნებისთვის და ისიც განგვიმარტონ, როგორ ეთანხმება ერთმანეთს, ერთი მხრივ ამბობენ, რომ ისინი იგებენ, მოდიან ხელისუფლებაში და მეორე მხრივ, რით იგებენ? 3%-ით აპირებენ ქვეყნის მართვას?
კიდევ ერთხელ, ყველას მოვუწოდებ, რომ გადაშალოს კალენდარი და ეს წელთაღრიცხვა, რომელიც არსებობს უკვე ათასწლეულებია ჩვენთან, ამ წელთაღრიცხვის მიხედვით ჩახედოს კალენდარს და დაფიქრდეს, რა განსხვავებაა 2022 წლის დეკემბერსა და 2023 წლის დეკემბერს შორის და ალბათ, ამოიკითხავს პასუხს ამ მარტივ კითხვაზე.
ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით ნათქვამი იყო, რომ იმ შემთხვევაში თუ 2022 წლის დეკემბერში იქნებოდა პოზიტიური გადაწყვეტილება და ამას ხომ თავისი შინაარსი ჰქონდა, ბარიერთან ხომ არ იყო, საკითხი იყო იმასთან დაკავშირებით, რომ პოზიტიური გადაწყვეტილება, კანდიდატის სტატუსი დაწევდა პოლარიზაციას და ამ დაწეული პოლარიზაციის ფარგლებში შესაძლებელი იქნებოდა კიდევ ამაზე ფიქრი. არა თუ დაწია, სინამდვილეში საერთო ჯამში ჩვენ ვნახეთ, ერთი დამატებითი წელი ჯანჯღარის და მომავალი წელი რა მოგველის, ჯერ კიდევ შევხედოთ ოპოზიციას. მე მგონი, არაფერი ეტყობა ოპოზიციას, რომ ისინი მზად არიან რადიკალური დღის წესრიგიდან გადავიდნენ, 5% ეს არის ადეკვატური ბარიერი, რომელიც არსებობს ბევრ ქვეყანაში და რომელიც საქართველოში, მათ შორის, კონსტიტუციაში უკვე წლებია წერია, მოწონებული არის საერთაშორისო დონეზეც, ვენეციის დასკვნაც არსებობს ამასთან დაკავშირებით და ა.შ. ამიტომ ახლა მათხოვრობა იმაზე, რომ დაიწიოს ბარიერი, მე მგონი არის შეუსაბამო. კიდევ ერთხელ, პარტიებს თუ აქვთ პრეტენზია ხალხს წარმოადგენდნენ, ისინი ხომ ამ ტერმინებით საუბრობენ, რომ ხალხს წარმოადგენენ, მთლიან საქართველოს წარმოადგენენ და უნდათ, რომ ქვეყანა მმართონ, იმის იმედიც არ აქვთ, რომ რამდენიმე ათას ხმას მიიღებენ. ამიტომ პრობლემები ეძიონ საკუთარ თავში, წინ კიდევ არის ერთი წელი, არის დრო იმისთვის, რომ ნაცვლად იმისა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ქოლგის ქვეშ იყვნენ ყოველ ჯერზე, ინდივიდუალურობა გამოიჩინონ და ნაცვლად იმისა, რომ გაემიჯნონ ერთმანეთს გაერთიანდნენ“,
ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.