მაიამიში მრავალსართულიანი შენობა ჩამოინგრა. მაშველები ნანგრევებში ჩარჩენილებს ეძებენ

აშშ–ში, ფლორიდის შტატში, მაიამი–დეიდის ოლქში 12 სართულიანი შენობა ჩამოინგრა. ჯერჯერობით ცნობილია ერთი ადამიანის გარდაცვალების შესახებ, თუმცა მსხვერპლის რაოდენობა შეიძლება გაიზარდოს. მაშველები გადარჩენილებს ეძებენ. შემთხვევის ადგილზე მაშტაბური ოპერაცია მიმდინარეობს.

გარდაცვლილია ერთი ქალი. მინიმუმ რვა ადამიანმა დაზიანებები მიიღო. არსებობს ვარაუდი, რომ ნანგრევებში, ქვედა სართულებზე ჩარჩენილია ათობით ადამიანი. მაშველები ამწეკრანების დახმარებით ცდილობენ ნანგრევებისგან ტერიტორიის გასუფთავებას, რომ ადამიანებამდე მიაღწიონ.

ასე გამოიყურებოდა შენობა ჩამონგრევამდე

შენობა ადგილობრივი დროით ღამის ორ საათზე ჩამოინგრა.

მაიამი–დეიდის სახანძრო სამსახურის ინფორმაციით შემთხვევის ადგილზე 80 ავტომობილი გაგზავნეს. სამაშველო ოპერაციაში პოლიციაც მონაწილეობს.

თვითმხილველები მეზობელი სახლებიდან მომხდარს ასე აღწერენ:

“შენობა შეზანზარდა, რის შემდეგაც ფანჯრიდან გამოვიხედე, ამის შემდეგ უკვე აღარაფერი ჩანდა. ვიფიქრე, რომ ალბათ შტორმი იყო ან რამე მსგავსი. როდესაც მტვერი გაიფანტა, შენობის ორი მესამედი გამქრალი იყო. მიწაზე ნანგრევების გროვა იყო.“

მამაკაცი, რომელიც ახლომახლო ძაღლს ასეირნებდა ყვება:

“ძალიან ძლიერი ხმაური გავიგონეთ და ვიფიქრეთ, რომ მოტოციკლის ხმა იყო. შემოვბრუნით და დავინახეთ, რომ მტვრის ღრუბელი გვიახლოვდებოდა. ვერ მივხვდით რა ხდებოდა. სახეზე პერანგები ავიფარეთ, გავიქეცით შემთხვევის ადგილისკენ და მერე გავიგეთ, რომ შენობა ჩამოინგრა.“

როგორც ერთ–ერთი თვითმხილველი ამბობს, მომხდარი ძალიან გავდა 11 სექტემბრის კადრებს.

პოლიციამ დანგრეული შენობის მისამართი დაასახელა:ეს არის 12 სართულიანი კოშკი Champlain Towers, კოლინზ ავენიუს   8777 ნომერში. ის სანაპიროზე მდებარეობს და შენობაში დაახლოებით 100 ბინაა.

ამერიკელი ჟურნალისტები წერენ, რომ მოხერხდა ათი წლის ბიჭის გადარჩენა.