BBC-ის ხელში აღმოჩნდა ხმოვანი შეტყობინებები, რომლებსაც რუსეთის უკრაინაში შეჭრის წინ ერთმანეთს უგზავნიდა ორი ადამიანი, რომელთაგან ერთის ხმა ძალიან გავს ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის ხმას, მეორეს ხმა კი ჩეჩნეთის როსგვარდიის უფროსის მოადგილის, დანიილ მარტინოვის ხმას. ისინი განიხილავენ, როგორ შევლენ მებრძოლები უკრაინაში შენობებში და როგორი იყო მეთაურების რეაქცია, როცა მათ ოპერაციის ნამდვილი მიზანი გაიგეს. 25 თებერვალს Instagram-ის ექაუნთზე, სადაც კადიროვი პირდაპირ ტრანსლაციებს რთავს ხოლმე, გამოქვეყნდა ვიდეო ათასობით ძალოვანით გროზნოს ცენტრში. კადიროვის რეზიდენციის წინ შეკრებილი სამხედროები მის გამოვლას უსმენდნენ, რომელშიც მან ზელენსკის მოუწოდა დროზე დაურეკოს პუტინს და ბოდიში მოუხადოს.
ღონისძიების ოფიციალური მიზეზი თითქოს იმის ჩვენება იყო, რომ ჩეჩენი ბოევიკები მზად არიან უკრაინის საბრძოლო მოქმედებებში მიიღონ მონაწილეობა, თუმცა სინამდვილეში ჩეჩნური დანაყოფების ნაწილი უკვე დიდი ხანია უკრაინის სიახლოვეს გადაისროლეს და ნაწილი იქ უკვე ომობს კიდევაც. BBC-ი ოთხ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ჩეჩენი ძალოვანები მინიმუმ თებერვლის შუა პერიოდიდან იმყოფებიან უკრაინის საზღვრის სიახლოვეს.
ამასვე მოწმობს ხმოვანი შეტყობინებები, რომლებიც BBC-ის რუს ძალოვანებთან დაახლოებულმა წყარომ მიაწოდა.
ბიბისი–მ შეამოწმა ვიდეო ფაილზე არსებული თარიღები, ასევე სუბრებისას გაჟღერებული თარიღები და დაასკვნა, რომ ეს ჩანაწერები რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე დიდი ხნით ადრეა გაკეთებული. ბიბისი–მ ჩანაწერების აუდიოექსპერტიზაც გააკეთა და დიდი ალბათობით დადგინდა, რომ ხმები დასახელებულ ადამიანებს ეკუთვნით.
ჩანაწერებში კადიროვი და მარტინოვი ჩეჩნეთის როსგვარდიის უკრაინაში შეჭრის მომზადებას განიხილავენ. ეს საუბრები ადასტურებს ამერიკული დაზვერვის ვერსიას იმის შესახებ, რომ რუსი ძალოვნები უკრაინაში შესაჭრელად დიდი ხნით ადრე ემზადებოდნენ. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ჩეჩენი ჩინოვნიკების ხმოვანი ჩანაწერები საჯარო ხდება: რესპუბლიკაში ურთიერთობის ეს ფორმა პოპულარულია, შეტყობინების მიმღები პირი ხშირად მას ნაცნობებს უგზავნის და ხანდახან შეიძლება რამდენიმე მომხმარებლის ხელშიც მოხვდეს.
ჩანაწერების მიხედვით, სავარაუდოდ თებერვლის დასაწყისში, როცა რუსეთის ხელისუფლება ოფიციალურ დონეზე უარყოფდა ომისთვის მზადებას, მარტინოვი რამზან ახმატოვიჩს ურეკავს და აცნობებს, რომ მოსამზადებელი სამუშაოები ბელარუსში დასრულებულია და ის მოსკოვში ბრუნდება, საიდანაც სმოლენსკში მიფრინავს, სადაც “როსგვარდიის მთავარი დაჯგუფებები იმყოფებიან ზუსტად ამ მიზნით“.
თებერვლის დასაწყისში როსგვარდიამ მართლაც ოფიციალურად განაცხადა, რომ რუსეთის დასავლეთ ოლქებში გადაისროლეს უწყების ქვედანაყოფები, თუმცა მხოლოდ წვრთნებში მონაწილეობისთვის.
რამდენიმე დღეს შემდეგ მარტინოვი ყვება, რომ მან ახლახან დაასრულა მუშაობა სმოლენსკში, სადაც “ყველა მომენტი გაიარა, რაც მისმა ქვედანაყოფმა უნდა გააკეთოს საზღვრის გადაკვეთის შემდეგ“
“ასი პროცენტი, ყველა მოქმედება, რასაც იქ გავაკეთებთ, დამტკიცებული და მხარდაჭერილია ხელმძღვანელობისგან. დღეს დეტალურად მოვახსენე, როგორ იმოქმედებენ ჩვენი ქვედანაყოფები შეტევის მოსაგერიებლად, თუ ჩასაფრებაში მოვხვდით… ცალკე მოვახსენე თვითონ ქალაქში მუშაობაზე. ჩვენ თვითონ დავგეგმეთ, სად შევალთ, რომელ შენობებში, რას ავიღებთ კონტროლზე.“
როგორც მარტინოვი ამბობს, სმოლენსკიდან ის ბრიანსკში წავიდა, სადაც იგეგმებოდა გაფართოებული თათბირი მეთაურებთან. ის არწმუნებს “შეფს“, რომ არავის არაფერს ეუბნება, ოფიციალური ვერსია კი რომელსაც ქვეშევრდომებს აცნობს არის “რუსულ–ბელორუსული სწავლება, რომელშიც შეფის დავალებით მონაწილეობენ.“
მარტინოვი ამბობს, რომ შესვლამდე ერთი დღით ადრე ეტყვის სრულ ინფორმაციას დანარჩენებს(გულისხმობს ჩეჩნურ ქვედანაყოფებს). მანამდე კი მოსკოვში უნდა ჩავიდეს, რომ სუფთა უკრაინული სიმ ბარათები და სპეციალური თანამგზავრული მოდემები აიღოს.
კადიროვი მარტინოვს აქებს.
რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე სავარაუდოდ ერთი კვირით ადრე მარტინოვი კადიროვს უყვება, რომ ბოლოს და ბოლოს მეთაურების ფართო წრეს შეატყობინეს ოპერაციის ნამდვილი მიზანი. მისი თქმით, ბევრი გაოგნებული დარჩა:
“დღეს შეიკრიბა ყველა დაჯგუფება (სმოლენსკში), ყველა მეთაური, ომონის, სამხედრო რაზმების, სპეცრაზმების, მეთაურების უმრავლესობამ დღეს პირველად გაიგო ის მიზნები, რაც გვაქვს. შეფ, გულახდილად რომ გითხრათ, ბევრი მეთური თვალებგაფართოებული გვისმენდა. ძლივს შეიკავეს ემოციები. ბევრი ლაპარაკი იყო: ბევრი მეთაური განიცდის და ამბობს, რომ მათ რიგებში ბევრი უარს იტყვის ამ საქმეზე, რაპორტებს დაწერენ“– ეუბნება აღელვებული მარტინოვ კადიროვს.
რამდენიმე დღის შემდეგ კი ანგარიშს აბარებს:
“დღეს ღამით ბელორუსში, ბ წერტილში პირველი დაჯგუფები დაიძვრება, პლუს ჩვენი მოწინავე ჯგუფი. ჩვენ, მთელი ჩვენი შემადგენლობით ხვალ ღამით დავიძვრებით.“
ამ დროს კადიროვი მანქანით მგზავრობს, ფონად კავკასიური მუსიკა ისმის, მის გვერდით ვინმე ადამი ზის “მე და ადამი ვემზადებით, დახმარებაც არის“– ხუმრობის ის.
სავარაუდოდ ადამინი დუმის დეპუტატი ადამ დელიმხანოვია, რომელიც კადიროვთან მეგობრობს.
“რამზან ახმატოვიჩ, ჩემო უფროსო ძმაო, მადლობა დახმარებისთვის. მაგრამ იმედი გვაქვს, რომ აუცილებლად მოგიწვევთ, როცა უკვე მუსიკას ავაწყობთ, უკვე ჩვენს, სწორ მუსიკას, და უკვე მაიდანზე და კრეშჩატიკზე ცეკვებს გავმართავთ.“– მხიარულად ეუბნება მარტინოვი კადიროვს.
სავარაუდოდ 23 თებერვალს მარტინოვი კადიროვს აღელვებული ატყობინებს:
“რამზან ახმატოვიჩ, ყველაფერი რიგზე გვაქვს. ყველა ჩვენი სამშენებლო ბრიგადა მთლიანად მზად არის, უროები მზად გვაქვს, ხერხი მზად გვაქვს, ლურსმნებიც წავიღეთ, მთლიანად დატენილია. მზად ვართ შვიდი საათის შემდეგ ნებისმიერი დავალების შესასრულებლად.“
სამშენებლო სამუშაოებში, უროსა და ხერხში სავარაუდოდ იგულისხმება იარაღი და დაგეგმილი ოპერაცია.
“ალაჰმა ინებოს, მშენებლობა და შენობა წარმატებით დამთავრდეს, რომ მყარი ფუნდამენტი ჩადონ იმათ რომ ჩვენ შევძლოთ დაშენება“– უხარია კადიროვს.
რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს დილით შეიჭრა.