კალათბურთის ამერიკელი ვარსკვლავის, მაიკლ ჯორდანის ბოტასები აუქციონზე 1.47 მილიონ დოლარად გაიყიდა.
ჯორდანი Nike Air Ships ამ ბოტასებით Chicago Bulls–ის შემადგენლობაში 1984 წელს, თავის პირველ სეზონს თამაშობდა.
ამავე წელს ჯორდანმა და კომპანია Nike–მა თანამშრომლობა დაიწყეს მისი საფირმო ბრენდის ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის შესაქმნელად.
ეს არის ყველაზე მაღალი ფასი, რომელიც ოდესმე ვინმეს გადაუხდია ნებისმიერი სპორტული ფეხსაცმლისთვის, რომლითაც ესა თუ ის სპორტსმენი თამაშობდა.
ბევრი ჯორდანს კალათბურთის ისტორიაში საუკეთესო მოთამაშედ თვლის.
კარიერის უდიდესი ნაწილი ის Chicago Bulls–ში თამაშობდა. ის კალათბურთის ისტორიაში საკულტო ფიგურა გახდა. დიდი სპორტი 2003 წელს დატოვა. ის NBA–ს ისტორიაში პირველი მილიარდერი მოთამაშე გახდა.
აუქციონამდე ჯორდანის ბოტასები 1–დან 1.5 მილიონ დოლარამდე ფასდებოდა. ლას ვეგასში გამართულ აუქციონზე ბოტასები ავტოგრაფით კოლექციონერმა ნიკ ფიორელამ შეიძინა.
ზოგადად კი ეს არ არის ყველაზე ძვირად გაყიდული ნახმარი ბოტასები. რეკორდსმენი რეპერ კანიე უესტის ბოტასებია – Nike Air Yeezy 1 Prototypes, რომელიც აპრილში კერძო გარიგებით 1.8 მილიონ დოლარად გაიყიდა.