“ნაციონალური მოძრაობის” ერთ–ერთი ლიდერის, რომან გოცირიძის განცხადებით, აშშ- ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს მთავარი გზავნილი გახარიასთან საუბრისას იყო, რომ არ გაბედონ არჩევნების გაყალბება.
“პრემიერ- მინისტრისა და აშშ- ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს შორის საუბრის შემაჯამებელი შინაარსი გამოქვეყნდა ტვიტერზე. ეს იყო ძალიან მოკლე და ნიშნავდა შემდეგს: არ გაბედოთ არჩევნების გაყალბება, ქვეყანაში ჩატარდეს თავისუფალი, სამართლიანი, გამჭვირვალე არჩევნები! მორჩა, ეს იყო მისი განცხადება ტვიტერზე. შემდეგ როცა მთავრობა ამბობს, რომ საუბარი იყო ამაზე, იმაზე, დიახ, ეს დიპლომატიური ეტიკეტის ნაწილია – გამარჯობა, როგორ ხართ? ინფექცია როგორ გადაიტანეთ? ჩვენები პასუხობენ – მადლობთ, კარგია, რომ ფული მოგვეცით ინფექციის საწინაადეგოდ”,– ამბობს გოცირიძე.
ის ასევე აღნიშნავს, რომ თუ აშშ–მ არჩევნების ჩატარებაში პრობლემები დაინახა, ამას უმკაცრესი შედეგი ექნება ხელისუფლებისთვის.
|მთავარი რაც იყო და რისთვისაც შედგა ეს საუბარი გამოქვეყნდა ტვიტერზე. იქნება უმკაცრესი დაკვირვება აშშ- ის მხრიდან არჩევნებზე და იმ შემთხვევაში, თუ დაინახეს, რომ არჩევნები ტარდება უსამართლოდ, მას ექნება უმწვავესი და უმკაცრესი შედეგები საქართველოს ხელისუფლებისთვის. ეს დასკვნა უნდა გამოიტანოს ხელისუფლებამ. გარდა ამისა, იყო საუბარი სასამართლოს არასწორ მუშაობაზე, მაგრამ მთავარი შინაარსი, როგორც აღვნიშნე იყო რომ არავინ გაბედოს არჩევნების გაყალბება. ნუ იქნება ძალადობა, მოსყიდვა, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება – ეს იყო საუბრის მთავარი შინაარსი”, – განაცხადა რომან გოცირიძემ.
ცნობისთვის, გუშინ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ და საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ ტელეფონით ისაუბრეს. სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, პომპეომ ხაზი გაუსვა ოქტომბერში თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მნიშვნელობას. მანვე აღნიშნა, რომ დემოკრატიულ არჩევნებში არსებითია თანაბარი თამაშის პირობები. პომპეომ მოუწოდა პრემიერმინისტრს, გააგრძელოს ძალისხმევა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის გასაძლიერებლად, როგორც უცხოური ინვესტიციების მოზიდვის აუცილებელი ნაბიჯის.