მაისში ინფლაციის წლიურმა მაჩვენებელმა 7.7% შეადგინა

საქსტატის მონაცემებით, 2021 წლის მაისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.7%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 7.7% შეადგინა – 2011 წლის შემდეგ ეს ინფლაციის რეკორდული მაჩვენებელია.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2021 წლის მაისში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 6.5% შეადგინა, თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი კი 6.4%-ით განისაზღვრა.

 

საქსტატის ცნობით, ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 17,4%-ით, რაც 2,08 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე. ფასები გაიზარდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (26,7%) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (1,6%). ამასთან, ფასები შემცირდა სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (-3,2%);

საცხოვრებელი, წყალი, ელექტროენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 6,6%-იანი მატება, რაც 1,09 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინფლაციაზე. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (8,4%), წყალმომარაგება და საცხოვრებელთან დაკავშირებული სხვა მომსახურება (4,5%), საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (3,2%). ამავე პერიოდში ფასები შემცირდა საცხოვრებლის ფაქტიურ გადასახადზე (-9,4%);

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 3,3%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 1,07 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ზეთი და ცხიმი (42,7%), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (13,7%), რძე, ყველი და კვერცხი (8%), ყავა, ჩაი და კაკაო (8%), თევზეული (7,6%), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (7,2%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (6%), პური და პურპროდუქტები (5%). ამასთან, ფასები შემცირებულია ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე (-23,3%), ასევე ხილსა და ყურძენზე (-20,9%);

ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები მომატებულია 13,4%-ით, რაც 1,01 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინდექსზე. ფასები გაიზარდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობის (19,5%), ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (11,9%) და საავადმყოფოების მომსახურების (4,4%) ქვეჯგუფებზე.