მაკალისტერი რურუას მოიხსენიებს პოლიტპატიმრად, აცდენილია მისი განცხადებები რეალობას – კობახიძე

უმრავლესობის ლიდერი, ირაკლი კობახიძე ევროპარლამენტარი დევიდ მაკკალისტერის განცხადებას ეხმიანება, რომელშიც მან თქვა, რომ პოლიტპატიმრების გათავისუფლება 8 მარტის შეთანხმების შესრულებისთვის მნიშვნელოვანი ასპექტია, თუმცა ერთი პოლიტპატიმარი, გიორგი რურუა კვლავ ციხეშია.

კობახიძე ამბობს, რომ მაკალისტერის განცხადებები საქართველოში არსებულ რეალობასთან აცდენილია.

,,რაც შეეხება მაკალისტერს და რამდენიმე მის კოლეგას, რომელიც სამწუხაროდ ისეთი განცხადებებით გამოირჩევა ხოლმე, რომელიც არ შეესაბამება საქართველოში არსებულ სინამდვილეს, ერთ-ერთმა კოლეგამ დღეს ძალიან კარგი პასუხი გასცა, როდესაც შეახსენა, რომ ინფორმაციას სჭირდება გადამოწმება და როდესაც ახსენა მან, რომ ევროპარლამენტის წარმომადგენლები არ უნდა იყვნენ ფეიკ ნიუსის გამავრცელებლები. ეს არის ადეკვატური შეფასება.

რა თქმა უნდა, როდესაც გიორგი რურუას მოიხსენიებს მაკალისტერი პოლიტპატიმრად, აქ ყველაფერი არის დღესავით ნათელი, ნათელია ის, თუ რამდენად არის აცდენილი ასეთი განცხადებები იმ რეალობას, რომელიც საქართველოში არსებობს,” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ რუსთავი 2–ის ეთერში.

მაკალისტერმა საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესრულების საკითხის განხილვისას, ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურს (EEAS) და სამეზობლოს და გაფართოების საკითხებზე მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატი (DG NEAR) კითხვით მიმართა, რას აკეთებენ ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლების უზრუნველსაყოფად.