“მაკდონალდს საქართველოს” დამფუძნებელმა თემურ ჭყონიამ განაცხადა, რომ McDonalds-ი რესტრონების ერთდღიან გაფიცვას მხარს უჭერს, თუმცა ვერ უერთდება, რადგან ამის უფლება არ აქვს.
„გულწრფელად ვუჭერთ მხარს და ვუცხადებთ სოლიდარობას, ვართ მათ გვერდში ნებისმიერ დროს, მაგრამ ჩვენდა სამწუხაროდ, ვერ ვუერთდებით ამ აქციას. ერთადერთი მიზეზი “მაკდონალდსთან” გაფორმებული ხელშეკრულების პირობებია. ჩვენ ვართ მსოფლიო “მაკდონალდსის” ნაწილი, არ ვართ ცალკე და იმ პოლიტიკის მიხედვით, რომელიც მსოფლიოში “მაკდონალდსს” გააჩნია და ასევე, ჩვენი კონტრაქტიდან გამომდინარე, ასეთ აქციებში მონაწილეობის უფლება არ გვაქვს “, – აცხადებს თემურ ჭყონია BM.GE–სთან საუბრისას.
ხვალ, 30 იანვარს, 100–ზე მეტი რესტორანი პროტესტის ნიშნად 24 საათით მუშაობას და გატანის სერვისს შეწყვეტს. ისინი მთავრობის კანცელარიასთან 15:00 საათზე მშვიდობიან საპროტესტო აქციას შეუერთდებიან.