მაკომპლექტებლების არქონის გამო რუსეთი სამხედრო გემების წარმოებას აჩერებს

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ინფორმაციით ვლადივოსტოკში მდებარე ქარხანაში “აღმოსავლეთის გემთმშენებელი“ მთელი წარმოება გაჩერებულია, პერსონალს სამსახურიდან უშვებენ, თავად საწარმოს კი გაკოტრებისთვის ამზადებენ.

რუსეთის გემთმშენებელ ქარხნებში კრიტიკული სიტუაცია შეიქმნა სამხედრო გემების წარმოებასა და მომსახურებასთან დაკავშირებული კონტრაქტების შესრულების თვალსაზრისით. ეს რთულ ფინანსურ ვითარებას და უცხოური მაკომპლექტებლების არარსებობას უკავშირდება. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახური ფეისბუქზე წერს.

მათ ხელში ჩაუვარდათ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო წარმომადგენლის წერილი, რომელშიც საუბარია იმაზე, რომ საწარმო “აღმოსავლეთის გემთმშენებელში“ მძიმე ფინანსური მდგომარეობის გამო ყველა სამუშაო შეჩერებულია. საწარმომ უნდა შეასრულოს 35 მილიარდი დოლარის კონტრაქტი, ააშენოს და მიაწოდოს ორი საზღვაო ტანკერი, ორი მცირე სარაკეტო ხომალდი, ორი მოძრავი ძრავიანი ნავმისადგომი, ასევე გაარემონტოს სხვადასხვა ტიპის ხომალდები და კატერები.

ამასობაში კი ქარხანაში პერსონალის გათავისუფლება ხდება, კონტრაქტების შესრულების ვადები კი დაირღვა. თავად საწარმოს გაკოტრების პროცედურის დაწყებისთვის ამზადებენ.

სამხედრო წარმომადგენლის შემდეგი წერილი მეტყველებს უცხოური კომპონენტების ტოტალურ უკმარისობაზე, რის გარეშეც სამხედრო ხომალდების და მათთვის საჭირო სისტემების მშენებლობა შეუძლებელია. ამიტომაც ქარხანას მოუწია საჭის საყრდენების, სანავიგაციო კომპლექსების და რადიოსადგურების, ასევე საზღვაო არტილერიისთვის საჭირო დეტალების წარმოების შეჩერება.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ შეუძლებელია მოიძებნოს უცხოური დეტალების შემცვლელი რუსული და აზიური მაკომპლექტებლებით.

“აშკარაა, რომ რუსეთის სამხედრო–სამრეწველო კომპლექსი იმპორტირებულ მაღალ ტექნოლოგიებზეა დამოკიდებული, რომელთა მიწოდების გარეშე რუსეთს არ შეუძლია თანამედროვე იარაღის წარმოების გაგრძელება“– ამბობს უკრაინის დაზვერვა.