
ფრანგული გამოცემა Le Figaro-ს ცნობით, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი პირველ ეტაპზე უკრაინაში ცეცხლის ერთთვიანი შეწყვეტის ინიციატივით გამოდიან.
ინტერვიუში მაკრონი აცხადებს, რომ ამან უნდა მოიცვას საჰაერო, საზღვაო და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის შეტევების შეჩერება.
- „ცეცხლი უნდა შეწყდეს ჰაერში, ზღვაზე და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე“, – თქვა მან.
მაკრონის თანახმად, ცეცხლის შეწყვეტა იქნება პირველი ეტაპი, რომლის განმავლობაშიც ომის დასრულებაზე მოლაპარაკებები გაგრძელდება, ხოლო რაც შეეხება მშვიდობის უზრუნველსაყოფად ჯარების განლაგებას, მაკრონის თქმით, ეს შესაძლებელი იქნება მხოლოდ საბოლოო შეთანხმების მიღწევის შემდეგ.
„მომდევნო კვირებში ევროპული ჯარები უკრაინის ტერიტორიაზე არ იქნებიან. საკითხი მდგომარეობს იმაში, თუ როგორ გამოვიყენებთ ამ დროს, რათა ვცადოთ, მივაღწიოთ ცეცხლის შესაძლო შეწყვეტას მოლაპარაკებებით, რაც რამდენიმე კვირის განმავლობაში გაგრძელდება, და შემდეგ, სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერის მერე, მოხდება ჯარების განლაგება“, – განაცხადა მაკრონმა.