რუსეთის დროშის ადგილი არ არის პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე მაშინ, როცა რუსეთი უკრაინაში სამხედრო დანაშაულებს სჩადის, განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ფრანგულ სპორტულ გაზეთ L’Équipe-თან ინტერვიუში.
„ცხადია, რომ პარიზის თამაშებზე რუსეთის დროშა არ შეიძლება იყოს, ვფიქრობ, ამაზე კონსენსუსი არსებობს“, – თქვა მაკრონმა. „რუსეთს, როგორც ქვეყანას, არ აქვს ადგილი იმ დროს, როდესაც ის სჩადის სამხედრო დანაშაულებებს და ბავშვების დეპორტაციას ახდენს“.
გაზაფხულზე, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა რეკომენდაცია გაუწია რუსეთისა და ბელორუსის სპორტსმენებისთვის საერთაშორისო შეჯიბრებებში მონაწილეობის უფლების მიცემას ინდივიდუალურ დისციპლინებში ნეიტრალური სტატუსით.
სპორტსმენებმა ასევე უნდა შეასრულონ გარკვეული პირობები: მათ, კერძოდ, არ უნდა დაუჭირონ მხარი რუსეთის შეჭრას უკრაინაში, არ უნდა ჰქონდეთ კავშირი რუსეთის ან ბელორუსის არმიასთან, ასევე ორივე ქვეყნის უსაფრთხოების ძალებთან.
„ოლიმპიური სამყაროს გადასაწყვეტი რეალური საკითხია, რა ადგილი დაუთმოს რუს სპორტსმენებს, რომლებიც ზოგჯერ მთელი ცხოვრება ემზადებიან [შეჯიბრებისთვის], მაგრამ შეიძლება ამ რეჟიმის მსხვერპლნი გახდნენ“, – განუცხადა მაკრონმა L’Équipe-ს.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია განასხვავონ სპორტსმენები, რომლებიც რეალურად არიან რუსეთის ხელისუფლების ქმედებების თანამონაწილეები და ისინი, ვინც რეჟიმის მსხვერპლნი გახდნენ. ამ თვალსაზრისით, IOC უნდა მიიღოს სამართლიანი და გასაგები გადაწყვეტილება უკრაინელებისთვის.
„ეს არის ბალანსი, რომელიც ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ“, – დასძინა საფრანგეთის პრეზიდენტმა.
ზაფხულის ოლიმპიური თამაშები პარიზში 2024 წლის 26 ივლისიდან 11 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება.