მაკრონმა სუვერენიტეტზე დათმობა შემომთავაზა პუტინის სახის შესანარჩუნებლად – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი იტალიურ მედიასთან ინტერვიუში ამბობს, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა უკრაინის სუვერენიტეტთან დაკავშირებით გარკვეულ დათმობებზე წასვლა შესთავაზა, რათა ვლადიმირ პუტინს “სახე შეენარჩუნებინა”.

“მეჩვენება, რომ ეს არ არის სწორი. ჩვენ არ ვართ მზად, ვიღაცისთვის რაღაც გადავარჩინოთ და ამის გამო ტერიტორიები დავკარგოთ. ეს არის ფუჭად დაკარგული დრო”,– განაცხადა ზელენკიმ უკრაინსკა პრავდას ცნობით.

მისივე აზრით, მაკრონმა შუამავლობით შედეგს ვერ მიაღწია.

“რუსეთისთვის გამოსავალი არ უნდა ვეძებოთ, ამას ბატონი მაკრონი ტყუილად აკეთებს. მას აქვს შესანიშნავი გამოცდილება, რომ სანამ თავად რუსეთს არ მოუნდება, არაფერს აკეთებს. მას სურდა, შუამავლობით გარკვეული შედეგები მიეღო – ვერ მიიღო არა ჩვენი, არამედ რუსეთის მხრიდან”,– თქვა ზელენსკიმ.

მანვე აღნიშნა, რომ წლების განმავლობაში ევროპელი ლიდერები ეძებდნენ მიდგომას რუსეთისა და პუტინის მიმართ და შეადარა ეს სიტუაცია ჰიტლერს, “რომელსაც მიეცა საშუალება, ეფიქრა მსოფლიოს ახალ გადანაწილებაზე“.

„24 თებერვალს რუსეთმა აჩვენა, რომ არ აინტერესებს არანაირი დათმობა და ის ტერიტორიას მიიტაცებს, თუ ამას გადაწყვეტს. და ემანუელს არ სჭირდება დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა”,– დასძინა ზელენსკიმ.