მალე გადაიქცევიან მათიკაშვილებად, მდინარაძეებად – ზურაბ ჯაფარიძე ოცნების ახალ სახეებზე

გირჩის ლიდერი და დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატი, ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ ოცნების სიის ოცეულში მყოფი ახალი სახეები მალე “კომკავშირლებად” და მდინარაძე-მათიკაშვილებად გადაიქცევიან.

“მაგ სიას სინამდვილეში არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ რომ კი არიან ახალ სახეებს რომ ეძახიან, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც ცოტახანში გადიაიქცევიან მდინარაძე, მათიკაშვილ, კილაძე, ოხანაშვილებად. გასაგებია, რომ ახალი სახეები არიან, მაგრამ მათი ფუნქცია არის ის, რომ შემდეგ პარლამენტში იქცნენ ამ ხალხად – კომკავშირლებს ვეძახი ქართული ოცნების გუნდს”,- ამბობს ჯაფარიძე ტელეკომპანია კავკასიის ეთერში.

მისივე განცხდებით, ივანიშვილი ისეთ სისტემას ინარჩუნებს, სადაც დავალებების შემსრულებლები ჰყავს და არა პოლიტიკოსები.

“კასტას ზრდის ივანიშვილი ამ ახალგაზრდა კომკავშირლების. პოლიტიკოსი არცერთი არ არის, მათ შორის ბევრი საერთოდ უცნობია, წარმოდგენა არ გვაქვს, ვინ არიან. არანაირი საკუთარი პოლიტიკური კაპიტალი მათ არ გააჩნიათ.  ივანიშვილი ცდილობს, ისეთი სისტემა შეინარჩუნოს, სადაც არავის არ ექნება პოლიტიკური კაპიტალი, ანუ რეალურად პოლიტიკოსები არ ეყოლება, და ეყოლება დავალებების შემსრულებლები. ამიტომ ეს ხალხიც, არ ვიცი, რამდენად იაზრებენ რა გზას დაადგნენ, მაგრამ სინამდვილეში ყველა მათგანი იქცევა სოფო კილაძედ და მათიკაშვილად”,- ამბობს ჯაფარიძე.

ცნობისთვის, ქართულმა ოცნებამ საარჩევნო სიის პირველი ოცეული გუშინ დაასახელა.