მამაკაცი რუსეთის მოქალაქეს მონურად ამუშავებდა და ძალადობდა, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა. ამის შესახებ განცხადებას, საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, 2019 წელს ბრალდებული გარდაცვლილს სათანადო სამუშაო პირობებს შეჰპირდა, თუმცა პასპორტი ჩამოართვა და 2 წელი მონურ პირობებში აცხოვრებდა.
“მკაცრად უკონტროლებდა თავისუფალ გადაადგილებას, საცხოვრებლად განათავსა საქონლისთვის განკუთვნილ სადგომში და მონობის მსგავს მდგომარეობაში ჩააყენა. ასევე ფიზიკურად ძალადობდა მასზე.2021 წლის 10 თებერვალს ჯ.ნ.-მ კვლავ ფიზიკურად იძალადა ა.ფ.-ზე, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა მიიღო. ნაცვლად იმისა, რომ ჯ.ნ.-ს უზრუნველეყო დაზარალებულისთვის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გაწევა, აგრძელებდა მასზე ფიზიკურ ძალადობას და აიძულებდა მუშაობას, რის გამოც 7 მარტს კვლავ ფიზიკურად გაუსწორდა მას. მიღებული დაზიანებების შედეგად ა.ფ. 10 მარტს გარდაიცვალა”, — წერია უწყების განცხადებაში.