მამაკაცს, რომელმაც ლედი გაგას ძაღლების მოიპარა და მომღერლის ასისტენტს მკერდში ესროლა, 21 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
ჯეიმს ჰოვარდ ჯექსონი დამნაშავედ ცნეს მკვლელობის მცდელობაში, მან განაჩენი არ გაასაჩივრა.
დაშავებული მამაკაცი, რაიან ფიშერი, 2021 წლის თებერვალში ჰოლივუდში მომღერლის სამ ფრანგულ ბულდოგს ასეირნობდა, როდესაც მას უცხო მამაკაცი მიუახლოვდა და მკერდში ესროლა.
ამის შემდეგ თავდამსხმელმა ორი ძაღლი – კოჯი და გუსტავი წაიყვანა. მესამე ძაღლი, სახელად მის აზია, გაიქცა. ჯერჯერობით უცნობია, იცოდა თუ არა დამნაშავემ ვის ეკუთვნოდა ძაღლები.
ფიშერმა სასამართლოში ორშაბათს განაცხადა, რომ ამ თავდასხმამ მისი ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა: მას ფილტვის ნაწილი ამოკვეთეს.
ლოს-ანჯელესის ოლქის პროკურატურამ თავდასხმას ცივსისხლიანი ძალადობა უწოდა.
ჯექსონის წინააღმდეგ რამდენიმე სხვა ბრალდება მოხსნილი იქნა სასამართლოსთან შეთანხმების ფარგლებში.
თავდასხმიდან მალევე, პოლიციამ განაცხადა, რომ მათი აზრით ძაღლები ქურდის სამიზნე მათი ჯიშის გამო გახდნენ და არა იმის გამო, რომ ისინი ცნობლ მომღერალს ეკუთვნოდნენ.
მოპარული ძაღლები უვნებლად დააბრუნეს ორი დღის შემდეგ, რაც ლედი გაგამ მათი პოვნისთვის ჯილდო 500 000 დოლარი დააწესა.
ჯექსონის ერთ-ერთმა თანამზრახველმა, ჰაროლდ უაიტმა, ორშაბათს თავი დამნაშავედ ცნო კანონის დარღვევაში, რომელიც ყოფილ მსჯავრდებულებს ცეცხლსასროლი იარაღის ფლობას უკრძალავს. ამ საქმეზე განაჩენი მომავალ წელს გამოცხადდება.
საოლქო პროკურატურის ცნობით, ჯენიფერ მაკბრაიდს, რომელმაც ძაღლები დააბრუნა, მოგვიანებით ბრალი წაუყენეს მკვლელობის მცდელობის თანამზრახველობაში. მისი საქმე ჯერ კიდევ განიხილება.
ჯექსონის სასამართლო სხდომა გადაიდო იმის გამო, რომ ის აპრილში შეცდომით ციხიდან გაათავისუფლეს. აშშ–ს მარშლების სამსახურმა ამას საკანცელარიო შეცდომა უწოდა და იმავე თვეში ხელახლა დააპატიმრა.