მამალაძის მდგომარეობა არ დამძიმებულა და მისი სამოქალაქო სექტორის კლინიკაში გადაყვანის საჭიროება არ დგას -პენიტენციური სამსახური

“მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის მდგომარეობა არ დამძიმებულა და მისი სამოქალაქო სექტორის კლინიკაში გაყვანის საჭიროება არ დგას”- ამის შესახებ სპეციალური პენიტენციური სამსახურმა ცოტახნის წინ განაცხადა.

„14 ოქტომბერს მსჯავრდებულ გიორგი მამალაძის ძმამ გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და ამ მიზეზით იგეგმება მისი სამოქალაქო სექტორის კლინიკაში გადაყვანა. სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და არ დამძიმებულა. მსჯავრდებულს, მისი დიაგნოზიდან გამომდინარე, სამკურნალო პენიტენციურ დაწესებულებაში შესაბამისი სამედიცინო სერვისი მიეწოდება და ეს მომავალშიც ასე გაგრძელდება. მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, ეს შეიძლება იყოს სამოქალაქო სექტორიდან ვიწრო პროფილის ექიმ-სპეციალისტების ადგილზე მომსახურებაც. რაც შეეხება სამოქალაქო სექტორის კლინიკაში გაყვანას, ამის საჭიროება არ დგას, ვინაიდან როგორც ზემოთ ითქვა, მსჯავრდებულს ადგილზე მიეწოდება შესაბამისი სამედიცინო სერვისი“, – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ძმამ, თორნიკე მამალაძემ “ინტერპრესნიუსთან” განაცხადა, რომ მისი ძმის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა და ამის გამო კვლევების ჩასატარებლად პენიტენციური დაწესებულებიდან დღეს ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანდნენ. როგორც მამალაძე განმარტავს, მისი ძმის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითიდღე უარესდება.