მამას, რომელმაც შვილს გენდერული ნიშნით 9 ჭრილობა მიაყენა, 14 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

პროკურატურის ინფორმაციით, მამას, რომელმაც შვილს გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით 9 ჭრილობა მიაყენა, 14  წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

“მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2020 წლის 15 სექტემბერს, თბილისში,  ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა გ.ს-მ გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით, ურთიერთშელაპარაკების დროს,  იმ მიზეზით, რომ  როგორც მამას და მამაკაცს, ქალზე უპირატესი უფლება ჰქონდა გადაეწყვიტა ვისთან იმეგობრებდა და როგორ იცხოვრებდა მისი შვილი ნ.ს., მოკვლის განზრახვით, მას დანით ცხრა ჭრილობა მიაყენა.

გ.ს.-მ განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა, რადგან დაზარალებული წინააღმდეგობას უწევდა და გაქცევას ცდილობდა. ასევე მას დახმარება გაუწია იქვე მყოფმა პირმა და განარიდა იგი”, – წერია უწყების განცხადებაში.

სამართალდამცველებმა გ.ს 16 სექტემბერს დააკავეს. მას ბრალდება  საქართველოს  სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19,109-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ1„ და „ვ“ ქვეპუნქტებით (მკვლელობის მცდელობა, გენდერის ნიშნით, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.