მამა ანდრია სარია ჭყონდიდის ეპარქიაში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება და ამბობს, რომ რიონის ხეობის მცველი ვარლამ გოლეთიანი ქართულ მარშს და მსგავს პრორუსულ ჯგუფებს გაუთანაბრდა.
“დღეს რაც ჭყონდიდში ხდება, მხოლოდ ეკლესიას აზიანებს. რომელზეც არ ფიქრობს: საპატრიარქო, მღვდელმთავრები, კეკუტია, პაპაშვილი, ჯონდი ბაღათურია, ქართული მარში, ქართული იდეა, პატრიოტთა ალიანსი, ვასაძე, ალტ-ინფო და ჩემდა სამწუხაროდ მათთან გათანაბრებული გოლეთიანი! ჩამოთვლილი სია, რუსულ ინტერესებს ვერ სცდება, ისეთი ხალხია! ეკლესიაში შეიძლება ყველაფერს გაეცეს პასუხი, მაგრამ იმ ხალხს, ვერავინ დააბრუნებს ვინც ამ პროცესების შემხედვარე დაზიანდა და დაბრკოლდა. ამ ეტაპზე სხვა რამის თქმა არ შემიძლია!”,– წერს სარია Facebook–ზე.
დღეს სალხინოს ტაძარში ბზობის დღესასწაულზე შეკრებილ მრევლს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ფიზიკური შეხლა–შემოხლა მას შემდეგ დაიწყო, რაც ტაძარის ეზოში ადგილობრივი ბიზნესმენი კლიმენტი კეკუტია გამოჩნდა. მხარეები პოლიციამ განარიდა.
დილიდან ღვთისმშობლის შობის ტაძარში, სადაც ბზობასთან დაკავშირებული წირვა-ლოცვა მიმდინარეობს, მრევლი სხვადასხვა ეპარქიებიდან ჩავიდა. მათი ნაწილი მეუფე სტეფანეს მხარდამჭერია, ნახილი კი დასჯილი მეუფე პეტრესი და სხვა სასულიერო პირების.