მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, ნათია მეზვრიშვილის თქმით, 3-ზე მეტი ადამიანის მანქანაში ჯდომის აკრძალვა ნებისმიერი ასაკის ადამიანს ეხება, მათ შორის არასრულწლოვანს.
,,როდესაც ვსაუბრობთ, რომ 3 ადამიანზე მეტი ვერ ჩაჯდება სატრანსპორტო საშუალებებში, ეს ნიშნავს იმას, რომ ვერ ჩაჯდება, ვერც მოზარდი, ვერც სრულწლოვანი და ვერც არასრულწლოვანი”,- აცხადებს მეზვრიშვილი.
მისივე თქმით, ბევრი კითხვა ისმის ამასთან დაკავშირებით, თუმცა მგზავრობა ისე უნდა დაიგეგმოს, რომ ავტომობილში 3-ზე მეტი ადამიანი არ იჯდეს.
„ბევრი კითხვა დაისვა, რომ მაგალითად, ოჯახში გვყავს 3, 4 შვილი და როგორ გადავადგილდეთ? უნდა გადავადგილდეთ და ისე უნდა დავგეგმოთ ეს პროცესი, რომ მანქანაში 3-ზე მეტი ადამიანი არ იჯდეს. ეს, პირველ რიგში, კეთდება იმ არასრულწლოვნების ჯანმრთელობის ინტერესებიდან გამომდინარე. საუბარია ნებისმიერი ასაკის ბავშვზე,” – ამბობს მეზვრიშვილი.
საქართველოში დღეიდან, 31 მარტიდან საკარანტინო რეჟიმი გამოცხადდა და აიკრძალა საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება. მოქალაქეებს შეუძლიათ საკუთარი ავტომობილით მოძრაობა, თუ მასში მაქსიმუმ 3 ადამიანი იჯდება- წინ მძღოლი და 2 მგზავრი უკან.