მაჟორიტარებს სიურპრიზები არ გვახასიათებს, საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს დავუჭერთ – ხუნდაძე

უმრავლესობის მაჟორიტარი დიმიტრი ხუნდაძე ამბობს, რომ მაჟორიტარებს სიურპრიზები არ ახასიათებთ, ამიტომ საკონსტიტიციო ცვლილებებს მხარს დაუჭერენ.

„ჩვენ სიურპრიზები არ ვიცით, ჩვენ ვიცით წინასწარ გაფრთხილება. გახსოვთ მაშინ, როცა ჩვენ გავწიეთ წინააღმდეგობა სესიაზე, ჩვენ გავაფრთხილეთ როგორც უმრავლესობა, ასევე უმცირესობა წინასწარ. წინა დღეებში, წინა კვირებში ჩვენ ვაკეთებდით ამ განცხადებებს და ვაფიქსირებდით ჩვენ პოზიციას. ასე რომ, ჩვენ სიურპრიზები არ გვახასიათებს, ჩვენ გვახასიათებს ჩვენი პოზიცია, ამჯერად ჩვენი პოზიციაა იმდაგვარი, რომ ჩვენ დავუჭერთ მხარს საკონსტიტუციო ცვლილებებს უკლებლივ.

უმრავლესობის სხდომაზე ძირითადად, იქნება საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერის საკითხი. ჩვენ კიდევ ერთხელ გავივლით, თუ ვინმეს აქვს წინააღმდეგობა, რომ იქნას შიგნით დაფიქსირებული. ძირითადად, მაჟორიტარებზე იყო მოლოდინი, რომ შესაძლო იყო წინააღმდეგობა გაეწიათ, მაგრამ გიდასტურებთ, რომ მაჟორიტარები, რომლებსაც გვქონდა გარკვეულწილად, სხვა პოზიცია, ჩვენ მხარს დავუჭერთ,”- განაცხადა ხუნდაძემ.

შეგახსენებთ, უმრავლესობის სხდომა დღეს 15:00 საათზეა ჩანიშნული. დღესვე საკონსტიტუციო ცვლილებებს იურიდიულ კომიტეტში განიხილავენ. 21 ივნისს კი, პარლამენტის რიგგარეშე სხდომა გაიმართება, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენით განხილვა და კენჭისყრა იგეგმება.