გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მარაგების მართვის შტაბის უფროსის თენგიზ კალანდაძის ინფორმაციით, მარნეულში, აქციის მონაწილეებთან მოლაპარაკება თითქმის დასრულებულია და აქციის მონაწილეები პროტესტის გაგრძელებას აღარ აპირებენ.
„მიმდინარეობს მოლაპარაკება შეკრებილ ხალხთან. ჩემთან ერთად არის ქვემო ქართლში გუბერნატორი შოთა რეხვიაშვილი და ასევე სოზარ სუბარი. ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს და შეიძლება ითქვას, რომ მოლაპარაკება თითქმის დასრულებულია და დადებითი შედეგი გვაქვს. მოგეხსენებათ, კომპანია ჩამოდის აქ, რომელმაც გუშინ და გუშინწინ იყიდა დიდი რაოდენობით კიტრი და წაიღო. ჯერჯერობით კიტრზეა საუბარი. დღესაც იტვირთება ამ კომპანიის ორი დიდი ტრაილერი, გზაშია კიდევ სამი ტრაილერი, რომელიც სულ რამდენიმე წუთში შემოვა და დადგება იმ სოფლების ცენტრებში, სადაცაა ეს პროდუქცია. ფასის მხრივ მათ ერთმანეთში მოილაპარაკეს, ჩვენ აქ ვერ ჩავერეოდით ეს ორი კერძო სუბიექტის მოლაპარაკების საგანია. ჩასაბარებელი ფასი არის 1 ლარი, რომლითაც როგორც გლეხია კმაყოფილი, ასევე თვითონ შემსყიდველი. შეიძლება ითქვას, რომ პროცესი დადებითად გადაწყდა და აქციის მონაწილეები პროტესტს აღარ აპირებენ“, – განაცხადა თენგიზ კალანდაძემ.
ცნობისთვის, მანეულში რამდენიმე სოფლის მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა. მათი თქმით, საგანგებო მდგომარეობის პირობებში დაწესებული შეზღუდვების გამო, პროდუქტების რეალიზებას ვერ ახდენენ, რაც მათთვის შემოსავლის წყაროა. ისინი ადგილობრივ თვითმმართველობას დახმარებას სთხოვენ. აქციაზე მივიდა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, შოთა რეხვიაშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ მოსახლეობის დასახმარებად და მარნეულიდან კიდევ უფრო მეტი პროდუქტის რეალიზებისთვის აქტიურად მუშაობენ.