კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანია ფორმულას წინააღმდეგ საზოგადოებრივი მაუწყებლის საჩივარი არ დააკმაყოფილა. მათი განცხადებით, ფორმულას საზოგადოებრივი მაუწყებლის საავტორო და მომიჯნავე უფლებები არ დაურღვევია.
საქმე ეხება ფორმულას გადაცემას “ფსკერი”, რომელშიც საზოგადოებრივი მაუწყებლისა და გადაცემა ახალი დღის ლოგოები და ვიზუალური შეფუთვა უცვლელი სახით გამოიყენეს.
კომუნიკაციების კომისიაში განმარტავენ, რომ ფორმულამ საზოგადოებრივი მაუწყებლის ვიზუალური კომპონენტები საკუთარ ორიგინალურ კონტენტს, პაროდიის მიზნით დაადო და აღნიშნული ლოგოები მაუწყებლის გაშარჟებისთვის გამოიყენა.
“საქმის მასალებიდან გამომდინარე, აშკარაა, რომ ფორმულას მიზანი იყო სატირულ-იუმორისტული გადაცემის განთავსება და მისი მოტივაცია არ ყოფილა საზოგადოებრივი მაუწყებლისა და ახალი დღის ლოგოების და ამავე გადაცემის ვიზუალური კომპონენტების საკუთარი მაუწყებლობის ან გადაცემის ამოსაცნობ ნიშნებად გამოყენება”, — აცხადებენ კომისიაში.
შესაბამისად, კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანია ფორმულას პაროდიულ-იუმორისტული მიზნით განთავსებული გადაცემა საავტორო და მომიჯნავე უფლებების არამართლზომიერ გამოყენებად არ ჩათვალა და საზოგადოებრივ მაუწყებელს საჩივარი არ დაუკმაყოფილა.