მართლმსაჯულება, რესტიტუცია, მთავრობის შემცირება, განათლება – რაზე შეთანხმდა ოპოზიცია

ოპოზიციამ პარტია გირჩის ინიციატივით მორიგ შეთანხმებას მიაღწა. პარტიების შეხვედრა ბორჯომში, NDI–ს ორგანიზებით მოხდა. ოპოზიციური პარტიები შეთანხმდნენ მართლმსაჯულების, მთავრობისა და ბიუროკრატიის შემცირების, რესტიტუციისა და განათლების საკითხებზე. შეთანხმებული ცვლილებები არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში განხორციელდება.

ოპოზიციური პარტიების შეთანხმება:

მართლმსაჯულება
შსს
  1. პოლიცია უნდა იყოს დეცენტრალიზებული და შს მინისტრს ჩამოსცილდეს საპოლიციო ფუნქციები.
  2. თვითმმართველობის ფარგლებში, აირჩევიან პოლიციის შერიფები, რომლებიც პასუხისმგებლები იქნებიან ყველა ტიპის დანაშაულთან ბრძოლაზე, გარდა ისეთი დანაშაულებისა, რომელთა მასშტაბიც ცდება მათი ტერიტორიული კომპეტენციის ფარგლებს.
  3. უნდა შეიქმნას ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის ბიურო.
    სუსი
    1. ქვეყანაში არ იარსებებს პოლიტიკური პოლიცია.
    2. სუს–ი უნდა დაიშალოს და მისი ფუნქციები გადანაწილდეს რამდენიმე ორგანოზე.
    3. შეიქმნას დამოუკიდებელი ანტიკორუფციული ბიურო.
    პროკურატურა
    1. ნაკლებად მძიმე დანაშაულებზე დაზარალებულს უფლება აქვს, აიჩიოს, რომ მისი ინტერესები სასამართლოში სახელმწიფო პროკურორის ნაცვლად დაიცვას ადვოკატმა, რომელიც ასეთ შემთხვევაში ასრულებს ბრალმდებლის ფუნქციასაც.
    2. პროკურატურას უნდა ჩამოსცილდეს გამოძიების, მასზე ზედამხედველობის ფუნქციები და უნდა დარჩეს სასამართლოში წარმომადგენლობის უფლებამოსილება.
    3. შეიქმნას ანტიკორუფციული პროკურატურა.
განათლება
  1. კერძო განათლების სფერო სახელმწიფო რეგულაციებისგან გათავისუფლდება.
  2. საჯარო სკოლებს ფინანსური და მმართველობითი ავტონომია.
მთავრობისა და ბიუროკრატიის შემცირება
  1. არაუგვიანეს 2024 წლის ბოლომდე მთავრობის ზომა არ უნდა აღემატებოდეს მთლიანი შიდა პროდუქტის 20%–ს.
  2. ხელისუფლებაში მოსვლის მომენტიდან 100 დღის ვადაში უნდა იქნას შემუშავებული ეროვნული ვალუტის გაუფასურების პრევენციის მექანიზმები.
რესტიტუცია
  1. დაურეგისტირებული მიწების ნაკვეთები, რომელიც ადამიანების ფაქტობრივ მფლობელობაშია და არავინ ედავება, უნდა დარეგისტრირდეს მფლობელის საკუთრებად.
  2. დაურეგისტირირებელი მიწის ნაკვეთები, რომელიც ფაქტობრივად სასოფლო თემის ან სოფლის მოსახლეობის საერთო მფლობელობაშია, და ამ ნაკვეთების მიმართ არ არსებობს სხვა ადამიანების პრეტენზია, უნდა დარეგისტრირდეს სოფლის/თემის საკუთრებად.
  3. სახელმწიფო ქონება და წიაღისეული, გარდა განსაკუთრებული გამონაკლისი შემთხვევებისა, ნაწილდება საქართველოს მოქალაქეებზე თანაბრად.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ: „გირჩი“, „ევროპული საქართველო“, „ნაციონალური მოძრაობა“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ერთიანი საქართველო“, „ლელო“ და „მოქალაქეები”.