მართლმსაჯულების წინაშე წარდგება ყველა, ვინც ტატუნაშვილის სიკვდილშია დამნაშავე – პრემიერი

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოკუპანტების მიერ წამებით მოკლული არჩილ ტატუნაშვილის დაბადების დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

მისი თქმით, ყველა, ვინც ტატუნაშვილის სიკვდილშია დამნაშავე, მართლმსაჯულების წინაშე წარსდგება.

“დღეს ჩვენი დროის გმირი, არჩილ ტატუნაშვილი 38 წლის გახდებოდა. თავისი ხანმოკლე სიცოცხლის განმავლობაში იგი საკუთარ თავში განასახიერებდა ქართველი კაცის ყველა საუკეთესო თვისებას. ოკუპაციასთან მისი შეურიგებლობა და სამშობლოს ერთგულება სამაგალითოა ჩვენი ახალგაზრდობისთვის, საზოგადოების თითოეული წევრისათვის, მომავალი თაობებისათვის.

მართლმსაჯულების წინაშე წარსდგება ყველა პირი, ვინც არჩილ ტატუნაშვილის სიკვდილში არის დამნაშავე. ამ მიმართულებით ჩვენი ხელისუფლება იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა სამართლებრივ და საერთაშორისო ბერკეტს, – წერს ღარიბაშვილი Facebook-ზე.

შეგახსენებთ, რომ არჩილ ტატუნაშვილი საოკუპაციო ხაზიდან ოკუპანტებმა 2018 წლის 22 თებერვალს გაიტაცეს, შემდეგ წამებით მოკლეს და ცხედარი 26 დღის შემდეგ დააბრუნეს ექსპერტიზის მიხედვით, ცხედარს მრავლობითი დაზიანებები და წამების კვალი ეტყობოდა.