მარიამ ჯიშკარიანი გორის სამხედრო ჰოსპიტალში არ შეუშვეს

ცენტრ ემპათიის ხელმძღვანელი, მარიამ ჯიშკარიანი არ შეუშვეს გორის სამხედრო ჰოსპიტალში. მისი თქმით, ეს არის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 144-ე მუხლის მეორე ნაწილის დარღვევა.

“ამას განვიხილავთ როგორც ხელის შეშლას ექსპერტიზაში. ეს ნიშნავს, რომ მათ არ აქვთ სურვილი, დოკუმენტირებული იყოს ფაქტი, რომელიც გუშინ წინ მოხდა. ასევე, არ იყოს დოკუმენტირებული შედეგები, რაც აისახა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. ალბათ, მივმართავთ საგამოძიებო ორგანოებს, რათა დაიწყოს გამოძიება აღნიშნულ ფაქტზე. არგუმენტად განაცხადეს, რომ სამუშაო საათები დამთავრებულია, თუმცა ჩვენ მოვედით სამუშაო საათების დასრულებამდე და ამდენი ხანს ვიცდით გარეთ”,– თქვა ჯიშკარიანმა.

მისივე განმარტებით, ისინი გორში ჩავიდნენ იმის შესასწავლად, თუ როგორ აისახა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე მისი ჰოსპიტლიდან იძულებით გაყვანის მცდელობა.

ცნობისთვის, ჰოსპიტალში გუშინ არ შეუშვეს სახალხო დამცველის რწმუნებულიც, რაც მისი განმარტებით, დანაშაულია.