თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული ახალი, 91-ე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე მძიმე არ არის.
მისი თქმით, ამჟამად კლინიკაში კვლავ 4 პრობლემური პაციენტი რჩება, რომელთაგან ორის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.
„დილის შემდგომ ვითარება არ შეცვლილა. ჯერჯერობით, კვლავ გვრჩება პრობლემური 4 პაციენტი, აქედან ორის მდგომარეობა კრიტიკულია, ორის კი ძალიან მძიმე პნევმონიით. შემოსული ახალი პაციენტის მდგომარეობა ამჟამად არსებული მონაცემებით მძიმე არ არის“,-აცხადებს ეზუგბაია.
მან აღნიშნა, რომ ინფიცირებული ახალი პაციენტი საქართველოში დაბრუნების შემდეგ თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.
„ჩამოსვლიდან თვითიზოლაციაში იმყოფებოდა“,-განუცხადა ჟურნალისტებს მარინა ეზუგბაიამ.
მისი განმარტებით, კორონავირუსზე 7 პაციენტის ტესტია აღებული და მათი პასუხები ხვალ გახდება ცნობილი.
„დღის მეორე ნახევარში აღებულია დაახლოებით 7 პაციენტზე ტესტირება და ვნახოთ ხვალ დილით ამ 7 პაციენტიდან რამდენს დაუდასტურდება“,-აღნიშნავს ეზუგბაია.
ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 91 -მდე გაიზარდა. კარანტინის რეჟიმშია 4717 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 268 პირი. 91 ადამიანიდან 18 გამოჯანმრთელებულია.