ბოლო დღეღამეში საქართველოში კოვიდ19–ით ინფიცირების 25 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. სულ ინფიცირებულთა რიცხვმა 456–ს მიაღწია. ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით ამის მიზეზი მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული ბევრი აგრესიული კვლევაა.
“გუშინ დილიდან დღემდე 25 ახალი დადასტურებული შემთხვევა დაგვემეტა და გახდა 456. გამოჯანმრთელებულის რაოდენობაც ასევე დიდია – 18 ახალი გამოჯანმრთელებულია და ამ ეტაპზე ჯამში 132. კლინიკებში ერთად 323 პაციენტი მკურნალობს. გუშინდელი დღე იყო დღე, როდესაც ჩატარდა ძალიან დიდი რაოდენობით კვლევა მთელი ქვეყნის მასშტაბით, ეს იყო აგრესიული კვლევის შედეგები და პლუს ბოლნისის ყველა კონტაქტის კვლევა. ერთდროულად იყო ჩატარებული ტესტის მნიშვნელოვნად დიდი რაოდენობა წინა დღეებთან შედარებით და ეს 25 ახალი შემთხვევა ამ ჯამური მონაცემის შედეგია. ვიმედოვნებთ, რომ შემდგომ დღეებში აგრესიული ტესტის გარეშე ჩატარდება კვლევები და ეს მაჩვენებელი ასეთი არ იქნება”, – განაცხადა ეზუგბაიამ.
მისი თქმით, 25 ახალი შემთხვევიდან 4 ინფექციურშია მოთავსებული, მათგან სამი ბოლნისის კლასტერიდანაა, ერთის დაინფიცირების წყარო კი უცნობია.