”ამ [მარიტას] ტრაგედიის მერე მხოლოდ გამოძიებაზე რატომ საუბრობთ? პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე რატომ არ საუბრობთ? მერიაში თქვენზე გაცილებით დაბალმა თანამდებობის პირმა რომ იგრძნო პასუხისმგებლობა და ის თუ გადადგა, თქვენ რატომ არ გადადექით? თქვენ რატომ არ იგრძენით პოლიტიკური პასუხისმგებლობა?” – ასე მიმართა,”გირჩი – მეტი თავისუფლებიდან” საკრებულოს წევრმა ცოტნე კობერიძემ, დედაქალაქის მერს კახა კალაძეს საკრებულოში.
“ბატონო კახა, ვიცი, რომ სტადიონზე გულშემატკივრები და ფანები გეხმარებოდათ ემოციურად და კარგი იყო, მაგრამ საკრებულოში რატომ დაგჭირდათ ტაშის დამკვრელები? ტაშის გარეშე თავს სუსტად გრძნობთ თუ ფანები აქ რატომ გჭირდებათ? ეს პირველი კითხვა.
მეორე კითხვა ეხება მარიტას, მარიტას საკითხს და მის ამბავს- რა უნდა ქნათ იმაზე მეტი, რის მერეც იგრძნოთ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას? თქვენ მიერ გახსნილ პარკში დაპატიჟეთ ადამიანები, იქ რომ არაფერი მომხდარიყო, თქვენ პოლიტიკურ ქულებს, ცხადია, ჩაიწერდით “რა კარგი პარკი გაგვიხსნა კახიმ” , მაგრამ ამ ტრაგედიის მერე მხოლოდ გამოძიებაზე რატომ საუბრობთ? პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე რატომ არ საუბრობთ? მერიაში თქვენზე გაცილებით დაბალმა თანამდებობის პირმა რომ იგრძნო პასუხისმგებლობა და ის თუ გადადგა, თქვენ რატომ არ გადადექით? თქვენ რატომ არ იგრძენით პოლიტიკური პასუხისმგებლობა?
ერთხელ მაინც თუ გიმგზავრიათ მეტროთი ახმეტელიდან საკრებულომდე დაცვის გარეშე? და თუ აღმოგიჩენიათ, რომ შესასვლელთან პოლიციელმა შეიძლება, გაგჩხრიკოთ? რომ შეხვალთ, რომ გაატარებთ ბარათს, იქ შეიძლება, ოთხი კაცი მოვიდეს და აფერისტად ჩაგთვალოს და შეგიმოწმოს ის ბარათი… მერე ესკალატორი შეიძლება, გაჩერდეს… მეორე ხაზზე რომ გადახვალთ, არ ვიცი, თუ შეგიმჩნევიათ, შეიძლება, მწყემსები დაგხვდნენ, რომლებიც დაგიწყებენ – “შენ იქით წადი”, “შენ აქეთ წამოდი”, მიგრეკავენ და მოგრეკავენ. ეს რაღაცები თუ შეგიმჩნევიათ?
და კიდევ მაინტერესებს – სააკაშვილი რომ ზის ციხეში, თქვენი აზრით, იმ დანაშაულების გამოც ზის, რაც 2007-მდე ჩაიდინა? და თუ კი, რატომ მიეცით მას საშუალება, მეორე ვადითაც მოსულიყო და ხალხს რატომ მოუწოდეთ, რომ ხმა მიეცათ. თუ პირველ ვადაშიც დამნაშავე იყო, მაგრამ არ გაინტერესებდათ, რადგან პოლიტიკურად კარგად იყავით?”- განაცხადა ცოტნე კობერიძემ.