მარიუპოლის მცველებმა ჩაბარებაზე უარი თქვეს – რუსეთი მათ დახოცვით ემუქრება

რუსეთის ულტიმატუმის შემდეგ მარიუპოლის მცველებმა უარი თქვეს დანებებაზე, რის შემდეგაც ოკუპანტი მათ “ელიმინაციით” ემუქრება. რუსეთმა მათ დანებებისთვის დრო მოსკოვის დროით 13:00 საათამდე მისცა.

რუსული მხარე ამტკიცებს, რომ მარიუპოლში, აზოვსტალის ქარხანაში მყოფ მებრძოლებს “კიევის ნაციონალისტურმა რეჟიმმა, რადიოშეტყობინებების მიხედვით, აუკრძალა მოლაპარაკება ჩაბარების შესახებ“.

ოკუპანტი ქვეყნის უწყება ირწმუნება, რომ უკრაინული ჯგუფის შემადგენლობაში 400-მდე უცხოელი დაქირავებული ჯარისკაცია, მათ შორის, ევროპელები და კანადელები.

“შემდგომი წინააღმდეგობის შემთხვევაში, ყველა მათგანი განადგურდება“, – ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

მარიუპოლის მერის მრჩეველის თქმით, ულტიმატუმის მიუხედავად უკრაინელები ბრძოლას აგრძელებენ.