უკრაინის ომბუდსმენი, ლუდმილა დენისოვა აცხადებს, რომ რუსული არმია ოკუპირებულ და ალყაში მოქცეულ დასახლებებს საკონცენტრაციო ბანაკებად აქცევს, სადაც მშვიდობიანი მოსახლეობა შიმშილობს.
მისი ინფორმაციით, რუსი ოკუპანტების დაბომბვის გამო მარიუპოლის მიდამოებში, მანგუშსა და მელექინოში გაქცეული ადამიანები შიმშილით იხოცებიან.
“ოკუპანტები არ უშვებენ ჰუმანიტარულ დახმარებას საკვებით, მედიკამენტებით, პირველადი მოხმარების ნივთებით. ქალაქ ჩერნიგოვი ჰუმანიტარული კატასტროფაა – არ არის დენი, არ არის სითბო, არ არის წყალი. ევაკუაციისა და ჰუმანიტარული დერეფნის შესახებ მოლაპარაკებები თითქმის ერთი კვირაა მიმდინარეობს, რასაც რასისტები არ თანხმდებიან.
ოკუპანტებმა ხერსონის რაიონში ჰუმანიტარული დახმარების მქონე 14 სატვირთო მანქანა არ შეუშვეს. 14 სატვირთო მანქანა ჰუმანიტარული დახმარებით იძულებული გახდა, დაბრუნებულიყო”,– წერს დენისოვა.
სახალხო დამცველის ცნობით, ჰუმანიტარულ ტვირთში ხერსონის რეგიონის მოსახლეობისთვის ყველაზე საჭირო იყო ჰიგიენური საშუალებები ბავშვებისა და მოზრდილებისთვის, კონსერვები, ხორცი, ნახევარფაბრიკატები, ბავშვთა საკვები.
“ბევრმა წამალმა რეგიონში ვერ მოაღწია, მათ შორის ინსულინმა, რომელიც ახლა ბევრ მცხოვრებს უკიდურესად სჭირდება. ჰუმანიტარული ტვირთი ვერ აღწევს ხარკოვის, ლუგანსკის, დონეცკის და კიევის რეგიონების დასახლებებში, სადაც ბრძოლები მიმდინარეობს”,– აღნიშნავს დენისოვა.
მისი შეფასებით, მშვიდობიანი მოსახლეობისთვის საკვებისა და მედიკამენტების ჩამორთმევა სხვა არაფერია, თუ არა წამება და ჟენევის კონვენციის პირდაპირი დარღვევა ომის დროს სამოქალაქო პირების დაცვის შესახებ, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტისა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის შესახებ.
“მოვუწოდებ საერთაშორისო თანამეგობრობას გადამწყვეტი ზომების მიღებისკენ რუსეთის ფედერაციის აგრესიის შესაჩერებლად, რათა აგრესორ ქვეყანას ვაიძულოთ დაასრულოს ომი უკრაინის ტერიტორიაზე”,– წერია ლუდმილა დენისოვას განცხადებაში.