მარიუპოლი შიმშილობს – გაეროს მსოფლიო სურსათის პროგრამა

გაეროს მსოფლიო სურსათის პროგრამის ხელმძღვანელმა თქვა, რომ ალყაშემორტყმულ უკრაინულ ქალაქ მარიუპოლში ადამიანები „შიმშილით იხოცებიან“. მისი პროგნოზით, მომავალ კვირებში, როდესაც რუსეთი ამ მიმართულებით თავდასხმას გააძლიერებს, კრიზისი სავარაუდოდ გაუარესდება.

მსოფლიო სურსათის პროგრამის აღმასრულებელმა დირექტორმა დევიდ ბისლიმ კიევში, „ასოშეიტედ პრესთან“ ინტერვიუში გაფრთხილება გამოთქვა, რომ მარცვლეულის ექსპორტიორ უკრაინაში რუსეთის შეჭრა, უკრაინიდან ბევრად მოშორებული ქვეყნების დესტაბილიზაციის რისკს ქმნის და შესაძლოა იმ ქვეყნებიდან მიგრანტების ტალღები წარმოშვას, რომლებიც ცხოვრების უკეთესი პირობების ძებნას სხვაგან დაიწყებენ. მან  წუხილი გამოთქვა, რომ მსოფლიო სურსათის პროგრამას და დახმარების სხვა ორგანიზაციებს, რომლებიც გაჭირვებაში მყოფთა დახმარებას ცდილობენ, ამ ადამიანებთან წვდომა არ აქვთ.

  • „ვერ ვხედავ, რომ რამე იოლდება. უბრალოდ ვერ ვხედავ, რომ ახლა ეს ხდება“,-თქვა მან.

ბისლიმ განსაკუთრებული შეშფოთება აზოვის ზღვის საპორტო ქალაქ მარიუპოლის შესახებ გამოხატა, სადაც უკრაინელი დამცველების სულ უფრო მცირე რიცხვი რუსულ ალყას იგერიებს და სადაც 100 000-ზე მეტი სამოქალაქო პირია მომწყვდეული, რომელთაც გადაუდებლად სჭირდება საკვები, წყალი და გათბობა.

რუსულმა ძალებმა, რომელიც ქალაქის მისადგომებს აკონტროლებს, ქალაქში ჰუმანიტარული დახმარება არ შეუშვა, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო სურსათის პროგრამამ დაშვება მოითხოვა.

  • „მარიუპოლის ხალხს და სხვა ხალხს, ვისთანაც ვერ მივაღწიეთ, ჩვენ არ მივატოვებთ, მაგრამ ვითარება წარმოუდგენელია: ადამიანები შიმშილით იხოცებიან“ – თქვა ბისლიმ.

მსოფლიო სურსათის პროგრამის ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, რომ ომით გამოწვეულმა სურსათის გლობალურმა ნაკლებობამ შეიძლება ისეთი მასიური მიგრაცია გამოიწვიოს, როგორიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არავის უნახავს.

წყარო: ამერიკის ხმა