მარიუპოლში ვითარება კრიტიკულია, თუმცა ქალაქის დამცველებს კვლავ იმედი აქვთ, რომ ბლოკადას გაარღვევენ

სიტუაცია მარიუპლოში კრიტიკულია. მისი დამცველების გადარჩენა ან სასწრაფო სამხედრო ოპერაციას, ან პოლიტიკურ გადაწყვეტილებას შეუძლია. ამის შესახებ 36–ე საზღვაო ფეხოსანთა ბრიგადის მეთაურმა, სერგეი ვოლინამ უკრიანსკაია პრავდას განუცხადა. ის თვლის, რომ მარიუპოლის განბლოკვა ჯერ კიდევ შესაძლებელია, თუმცა ასეთი ოპერაცია უმოკლეს ვადებში უნდა ჩატარდეს გამოცდილი მეთაურების და აუცილებელი საშუალებების გამოყენებით. ამასთან, ვოლინამ განაცხადა, რომ მისი ბატალიონის მებრძოლები ტყვედ ჩაბარებას არ აპირებენ.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ამ კვირაში განაცხადა, რომ მარიუპოლში ტყვედ ჩაბარდა 1026 საზღვაო ქვეითი. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა დაადასტურა, რომ რამდენიმე სამხედრო მართლაც ჩავარდა ტყვედ, როცა ალყის გარღვევას და აზოვთან შეერთებას ცდილობდნენ, თუმცა საუბარია ბევრად ნაკლებ ადამიანზე.

14 აპრილს აზოვის ბატალიონის მეთაურის მოადგილემ, სვიატოსლავ პალამარმა თქვა, რომ მარიუპოლის ბლოკადის მოხსნა შესაძლებელია, თუმცა მებრძოლები სამხედრო–პოლიტიკური ხელმძღვანელობის მოქმედებას ელიან.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ პარასკევს დილით განაცხადა, რომ რუსმა სამხედროებმა და თვითაღიარებული რესპუბლიკის ძალებმა, მოახერხეს ილიჩის სახელობის მეტალურგიული კომბინატის დაკავება.

დღესვე დილით მარიუპოლის ქალაქის საბჭომ განაცხადა, რომ რუსმა სამხედროებმა მშვიდობიანი მარიუპოლელების ცხედრების ეგსჰუმაცია დაიწყეს, რომლებსაც საცხოვრებელი სახლების ეზოებში მარხავდნენ. ქალაქში დარჩენილ მოსახლეობაზე დაყრდნობით, ქალაქის საბჭო ამტკიცებს, რომ სამხედროები ახლა გარდაცვლილების დაკრძალვის უფლებას არავის აძლევენ.

“ყოველ ეზოში მეთვალყურე დააყენეს, რომელიც მარიუპოლელებს გარდაცვლილი ახლობლების დამარხვის უფლებას არ აძლევენ. რატომ ხდება ეგსჰუმაცია და სად მიაქვთ ცხედრები უცნობია“– ამბობენ ქალაქის საბჭოში.

მანამდე უკრაინის ხელისუფლება აცხადებდა, რუსმა სამხედროებმა მარიუპოლში 13 მობილური კრემატორიუმი ჩაიტანეს, რათა სამხედრო დანაშაულის კვალი დამალონ.