მარიუპოლში შენობის ნანგრევების ქვეშ 200-მდე ცხედარი იპოვეს – მერის მრჩეველი

მარიუპოლის მერის მრჩევლის, პეტრ ანდრიუშჩენკოს ინფორმაციით, ქალაქში, მაღალსართულიანი კორპუსის ნანგრევებში 200-მდე ცხედარი იპოვეს.

მისი თქმით, ადგილობრივმა მოსახლეობამ უარი თქვა დაღუპულთა ცხედრების შეგროვებასა და შეფუთვაზე, რის გამოც რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურმა ადგილი დატოვა.

ანდრიუშჩენკოს ცნობით, მიცვალებულთა გახრწნილი ცხედრები კვლავ ნანგრევებში დატოვეს, სუნი კი თითქმის მთელ კვარტალში იგრძნობა.

“ქალაქში, ფაქტობრივად, შეჩერებულია მაღალსართულიანი შენობების ეზოებიდან გადასვენების პროცესი. დაკრძალვისა და ექსგუმაციის სამუშაოებს დონეცკის ე.წ. “სახელმწიფო კორპორაცია” ახორციელებს. მაგრამ უფასო დაკრძალვისთვის რიგში უნდა ჩადგეთ, მიცვალებულის ცხედარი თავად მიიტანოთ მორგში და თქვათ, რომ ის ახლახან აღმოაჩინეს, ან დათანხმდეთ ვიდეოს ჩაწერას, რომელშიც უნდა თქვათ, რომ გარდაცვლილი უკრაინის არმიამ მოკლა”,– წერს მერის მრჩეველი.

მისივე განმარტებით, ასეთი პირობების გამო ქუჩებში გვამები აწყვია, ქალაქი კი სასაფლაოდ გადაიქცა.