მარნეულის სოფელ ზემო სარალში ყოფილმა ქმარმა 28 წლის ქალი და მისი მამა მოკლა. ასევე, დაჭრა ქალის დედა და ძმა. დეტალებს მედიას ოჯახის წევრები უყვებიან. მათი თქმით, ქალი კაცს 2 თვის წინ გაშორდა.
როგორც ოჯახის წევრები ამბობენ, ყოფილმა ქმარმა ქალს ჯერ ცეცხლსასროლი იარაღით ესროლა, შემდეგ კი მანქანით გადაუარა.
მათივე ინფორმაციით, ამის შემდეგ ახალგაზრდა კაცმა ყოფილი სიმამრი მოკლა, ძმა და ყოფილი სიდედრი კი დაჭრა.
“იარაღი ცოტა ხნის წინ შეიძინა. მან ისროლა და ორი ადამიანი მოკლა. საუბარი ჰქონდა თავის მეუღლესთან, თუმცა არ შედგა, რის შემდეგადაც მოკლა. ამის შემდეგ მანქანით გადაუარა. შემდეგ სახლში შევიდა და ოჯახის წევრებს ესროლა”, – ამბობს თვითმხილველი.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე ახალგაზრდა კაცი დააკავა. უწყების ცნობით, დაკავებულს ოჯახის ორი ან მეტი წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობასა და ოჯახის ორი ან მეტი წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობაში ედება ბრალი.
დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.