მარნეულში ფერმერები აქციას მართავენ

მარნეულის სოფელ შულავერში, რამდენიმე სოფლიდან, ადგილობრივი ფერმერები არიან შეკრებილი და აქციას მართავენ. ისინი ამბობენ, რომ კარანტინის და საგანგებო მდგომარეობის პირობებში სოფლის მეურნეობის პროდუქტის რეალიზაციას ვერ ახერხებენ. მათი თქმით, ტონობით კიტრი ულპებათ, რადგან მარნეულის მუნიციპალიტეტი ჩაკეტილია.

ადგილზე იმყოფებიან ოპოზიციური ძალების წარმომადგენლები. ადგილზეა მარნეულის მერიც. ასევე, ქვემო ქართლის რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი, რომელიც ამბობს, რომ ეს პოლიტიკური ძალების ორგანიზებული აქციაა. მისივე თქმით, მთავრობა პროდუქტის რეალიზაციის პრობლემის გადაჭრაზე მუშაობას, თუმცა ფორსმაჟორულ მდგომარეობებში პრობლემები იქმნება.

კადრებში ჩანს, რომ მოქალაქეების ნაწილს პირბადე უკეთია, თუმცა ისინი დისტანციის წესის დარღვევით დგანან. ირღვევა 3 ადამიანზე მეტის შეკრების წესიც.

ვიდეოს რადიო მარნეული ავრცელებს:

შეგახსენებთ, რომ 23 მარტიდან მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინია გამოცხადებული.