იტალიელი ექიმები და ექთნები ნამდვილ გმირებად აღიარეს კორონავირუსთან მათი თავდადებული ბრძოლის გამო, თუმცა ახლა, როცა ეპიდემიის პიკი და ყველაზე რთული დრო უკან დარჩა, მათი მდგომარეობა სულაც არ გაუმჯობესებულა.
ლომბარდია მსოფლიოში Covid19-ისგან ყველაზე დაზარალებული რეგიონია. იქაურ მედიკოსებს ახლაც არ ულხინთ.
პაოლო მირანდა – კრემონაში ინტენსიური თერაპიის პალატის ექთანია. ის ამბობს, რომ ძალიან დაძაბულია, ყველაფერზე ადვილად ღიზიანდება და ჩხუბსაც იწყებს. რამდენიმე კვირის წინ პაოლომ ფოტოების გადაღება დაიწყო, რათა რეანიმაციული პალატის ფოტომემატიანე შემოინახოს.
“ის, რაც ჩვენ გადავიტანეთ არ უნდა იქნას დავიწყებული. მალე ეს ისტორიად იქცევა“ – ამბობს ის.
პაოლოს სურს აღბეჭდოს, როგორ მუშაობენ ის და მისი კოლეგები ფაზა2–ის დროს, როცა ცხოვრება თანდათანობით ნორმალურ კალაპოტს უბრუნდება.
“მართალია საგანგებო ვითარება შემსუბუქდა, მაგრამ თავს ისევ სრულ სიბნელეში ვგრძნობთ. ისეთი შეგრძნებაა, თითქოს დაჭრილები ვართ. რაც ვნახეთ და გადავიტანეთ, ყველაფერი ჩვენში, შიგნით დარჩა.“– ამბობს ის.
ასეთივე მდგომარეობაშია რეანიმაციის მედდა მონიკა მარიოტი. ის ამბობს, რომ ახლა უფრო უჭირთ, ვიდრე კრიზისის დროს.
“მაშინ ჩვენს წინაშე ხილული მტერი იყო. ახლა კი გაგვიჩნდა დრო რეფლექსიისთვის და თავს დაკარგულად ვგრძნობ, არსებობა კი უმიზნოდ მეჩვენება“ – ამბობს მონიკა.
ეპიდემიის პიკზე ისინი შინაგანად მობილიზებულები და ყოველ წამს დაკავებულები იყვნენ. ახლა დაძაბულობა შემცირდა, მასთან ერთად კი ადრენალინის გამოყოფაც.
სამაგიეროდ ზედაპირზე ამოვიდა მთელი სტრესი, რომელიც ბოლო კვირების განმავლობაში დაგროვდა.
“უძილობა და კოშმარები მტანჯავს. ღამე ათჯერ მაინც მაღვიძებს გულისცემა და ჰაერის უკმარისობა.“– ამბობს მონიკა.
მისი კოლეგა, ელიზა პიცეირა ამბობს, რომ საგანგებო მდგომარეობის დროს მისი ენერგია ამოუწურავი ეჩვენებოდა, თუმცა ახლა ამოიწურა.
მას ძალა საჭმლის მოსამზადებლად და სახლის მისალაგებლადაც არ ყოფნის. ამბობს, რომ შაბათ–კვირას დღის უდიდეს ნაწილს უბრალოდ დივანზე მჯდარი ატარებს.
კიდევ ერთი რეანიმაციის მედდას, მარტინა ბენედეტის ტოსკანადან დღემდე ეშინია ახლობლებთან და მეგობრებთან შეხვედრა, რათა მათ ინფექცია არ გადასდოს.
“ქმართანაც კი დისტანცირებული ვარ, სხვადასხვა ოთახში გვძინავს. თითქოს არაფრის ძალა აღარ მაქვს. ყოველთვის, როცა სასეირნოდ გამოვდივარ პანიკა მეწყება და სახლში დარუნებას ვჩქარობ. არ ვარ დარწმუნებული, რომ ისევ მინდა ექთნად მუშაობა. ამ ორი თვის მანძილზე იმაზე მეტი სიკვდილი ვნახე, ვიდრე ბოლო ექვსი წლის განმავლობაში.“ – ამბობს ის და დასძენს, რომ რაც მეტს ფიქრობს, მით ნაკლებ თავდაჯერებას გრძნობს.
იტალიელ მედიკოსთა დაახლოებით 70%, ვინც ყველაზე დაზარალებულ რეგიონებში კორონავირუსთან ბრძოლაში მონაწილეობდა, გადაწვის ეფექტით იტანჯება. ასეთი შედეგები აჩვენა ბოლო კვლევამ.
“ფაქტიურად ახლა ექიმებისა და ექთნებისთვის ყველაზე რთული მომენტია. როცა ადამიანი კრიზისს ებრძვის, მისი ორგანიზმი გამოყოფს ჰორმონებს, რომლებიც სტრესის დაძლევაში ეხმარება. მაგრამ როცა ბოლოს და ბოლოს მოდუნების შესაძლებლობა ეძლევა, ხელახლა იაზრებს იმას,რაც დაემართა და მუდმივად იმაზე ფიქრობს. გარშემო საზოგადოება კი წინ მიდის. ეს დამანგრევლად მოქმედებს და ადამიანი ამ დროს ემოციურად და ფიზიკურად გამოფიტულად გრძნობს თავს“– ამბობს კვლევის ხელმძღვანელი, სერენა ბარელო და შიშობს, რომ ბევრ ექიმს და ექთანს ეპიდემიის შემდეგ კიდევ დიდხანს შეაწუხებს პოსტტრავმული სინდრომი. მისი ზემოქმედება შეიძლება თვეობით და წლობით გაგრძელდეს და ადამიანებს ცხოვრება მოუწამლოს.
მედიკოსებისთვის ეს იმას ნიშნავს, რომ ვეღარ შეძლებენ ენერგიულად მუშაობას და კონცენტრირებას, რასაც მათი პროფესია ითხოვს.
დავიწყებული გმირები
მთელ მსოფლიოში ფრონტის წინა ხაზზე მომუშავე ექიმებს და ექთნებს, რომლებიც სიცოცხლეს რისკავენ გმირებად რაცხავენ. თუმცა იტალიაში მათ მიმართ საყოველთაო სიყვარულმა იკლო.
“როცა ყველას სიკვდილის ეშინოდა, უცებ გმირები გავხდით. მაგრამ ახლა ჩვენი დავიწყება დაიწყო. მალე ისევ ჩაგვთვლიან ადამიანებდ, რომლებიც ვიღაცის უკანალს წმენდენ, ზარმაცები და არც ისე საჭიროები არიან“– ამბობს მონიკა.
ტურინში ექთნებმა დემონსტრაცია მოაწყვეს საკუთარი დამსახურების სათანადო აღიარების მოთხოვნით. მათ ცოცხალი ჯაჭვი შეკრეს და თავზე ნაგვის ტომრები ჩამოიცვეს იმის შესახსენებლად, თუ როგორ უწევდათ პალატებში იმპროვიზება ინდივიდუალური დაცვის საშუალებების არარსებობის გამო.
“მარტში ჩვენ გმირები ვიყავით, ახლა კი ყველას დავავიწყდით“– სკანდირებდა ერთ–ერთი მათგანი მეგაფონში.
მათ ფულად პრემიებს დაპირდნენ, თუმცა ჯერჯერობით არაფერი გადაუხდიათ.
კორონავირუსის მსხვერპლი იტალიაში 163 ექიმი და 40 ექთანი გახდა. ოთხმა ადამიანმა თავი მოიკლა.
იტალიელი მედიკოსების თქმით ადამიანები ისე იქცევიან, თითქოს არანაირი ეპიდემია არც ყოფილა.
ექიმი ელიზა ნანინო, რომელიც კორონავირუსს ხანდაზმულთა სახლებში ებრძოდა ამბობს, რომ ბრაზი ახრჩობს. კარანტინის შემსუბუქების შემდეგ ის მუდმივად ხედავს ერთად შეკრებილ ხალხს, ვინც სვამს, ჭამს, ერთობა, ნიღაბი არ უკეთია და დისტანციას არ იცავს.
“მინდა მივიდე და დავუყვირო, რომ ყველას საფრთხეს უქმნიან. ეს ისეთი უპატივცემულობაა ჩემს მიმართ და ჩემი კოლეგების მიმართ“– ამბობს ელიზა ნანინო.
პრაქტიკულად ყველა მედიკოსი ეთანხმება იმ მოსაზრებას, რომ თანამოქალაქეთა მხარდაჭერა მათ კრიზისის გაძლებაში დაეხმარა.
“გმირი არ ვარ, მაგრამ თავს ძალიან საჭირო ადამიანად ვგრძნობდი“– ამბობს პაოლო მირანდა.
გარშემომყოფთა აღიარება ექიმებისთვის საუკეთესო დახმარებაა, რომელიც მათ პოსტტრავმული სინდრორმის დაძლევაში ეხმარება – ამბობს ექიმი ბარელო.
“ყოველი ჩვენგანი დღეს მზად არის მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს. ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ ის, რაც ჩვენთვის ექიმებმა და ექთნებმა გააკეთეს“– ამბობს ის.
ექიმებს მორიგი 12 საათიანი ცვლა ელით. ისინი თავს უნდა მოერიონ და მშვიდად დაბრუნდნენ იქ, სადაც უმძიმესი დღეები გამოიარეს.
“თავს ჯარისკაცად ვგრძნობ, რომელიც ომიდან დაბრუნდა. რა თქმა უნდა, იარაღი და ქუჩებში გვამები არ მინახავს, მაგრამ ბევრი გაგებით ისეთი განცდა მაქვს, რომ სანგრებშიც ვიჯექი.“ – ამბობს პაოლო მირანდა.