დღეს “თბილისი პრაიდი” ღირსების მარშს გამართავს. მათი თქმით, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მარშის ჩატარების გეგმას დღეს, დღის პირველ ნახევარში გაასაჯაროვებენ.
“ჩვენ გვჯერა, რომ ერთად ვქმნით ისტორიას და ვდგამთ უმნიშვნელოვანეს ნაბიჯებს ისეთი სახელმწიფოს შენებაში, სადაც ადამიანის უფლებები დაცული იქნება და ადამიანებს ექნებათ თანასწორი შესაძლებლობები.
ლგბტქ ადამიანებისა და მხარდამჭერების მხრიდან ვხედავთ ძალიან დიდ ინტერესს ხვალინდელ ღირსების მარშთან დაკავშირებით. როგორც უკვე ვიცით, იგეგმება კონტრაქცია ძალადობრივი ჯგუფების მხრიდან. ჩვენ ვართ მშვიდობიანი დემონსტრანტები და არ გვსურს ღირსების მარშს მოჰყვეს ძალადობრივი ინციდენტები. სწორედ ამის გამოსარიცხად, ვცდილობთ მაქსიმალურად შევამციროთ კონტრაქციის მონაწილეებთან ფიზიკური შეხების შესაძლებლობა.
აქციის საორგანიზაციო გუნდი მუშაობს უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ამ მიზნით აქტიურ კომუნიკაციაში ვიმყოფებით შინაგან საქმეთა სამინისტროსთან. 5 ივლისს, დღის პირველ ნახევარში, საბოლოოდ შეთანხმებულ გეგმას გავაჟღერებთ”,– აცხადებს თბილისი პრაიდი.
ცნობისთვის, ღირსების მარშისთვის კონტრაქციის ჩატარებას აპირებენ ძალადობრივი ჯგუფები, რომლებმაც რუსთაველის მეტროსთან კარვები გაშალეს. ქაშუეთის ტაძართან პარაკლისის ჩატარებას აპირებს საპატრიარქოც.