ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი გუგავას ინფორმაციით, ქართული ოცნება აპირებს რომელიმე ქვეყანაში თამარ ჟვანიას ელჩად გაშვებას.
“არსებობს ასეთი ინფორმაცია, რომ ის გადადგებოდა თანამდებობიდან, თუ გაუშვებდნენ სადმე ელჩად, მშვიდად, გარიდებულად იქნებოდა. მან მილიონები გააკეთა იმ დაკვეთების შესრულებაში, რომელაც იღებდა ოცნების ცენტრალური შტაბიდან”,– ამბობს გუგავა TV პირველის ეთერში.
მისივე განცხადებით, ცეკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანაის გადადგომა არჩევნების გაყალბებას ადასტურებს.
“თამარ ჟვანია გადადგა, ახალი გამყალბებლის გვეშინოდეს. თავისთავად ეს ნიშნავს დადასტურებას ირიბად თუ პირდაპირ, რომ საპარლამენტო არჩევნები ტოტალურად გაყალბდა. მისი პასუხისმგებლობის საკითხი აუცილებლად დადგება მომავალში, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ხელისუფლება აპირებს, რაიმე ფორმით სამართლიანი არჩევნების ჩატარებას. პირიქით, მან ტოტალური უმრავლესობა შეიქმნა საარჩევნო კომისიებში. მათ შორის, ჩვენ წაგვართვა კუთვნილი საარჩევნო კომისიის წევრის დანიშვნის უფლება”,– აღნიშნავს გუგავა.
ელჩად გამწესების ინფორმაციას არ ადასტურებს თავად თამარ ჟვანია. მისი თქმით, მუშაობას საერთაშორისო ორგანიზაციაში გააგრძელებს.
ცნობისთვის, დღეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია თანამდებობიდან გადადგა. ამის მიზეზად მან შარლ მიშელის შეთანხმებით მიღებული საარჩევნო ცვლილებები დაასახელა. სულ რაღაც 8 დღის წინ, 22 ივნისს ჟვანია ამბობდა, რომ გადადგომას არ აპირებდა.