“მაქსიმუმ 3–6 თვე“–ბრიტანელი მზვერავი ასახელებს ვადას, როცა პუტინი ქმედუუნარო გახდება

ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურის ყოფილი ოფიცერი, კრისტოფერ სტილი  BBC Radio 4–თან ინტერვიუში ამბობს, რომ პუტინს თანამდებობაზე ყოფნის მაქსიმუმ 6 თვე დარჩა. ამ პერიოდში ის  ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ქმედუუნარო გახდება და თანამდებობას ჩამოაშორებენ. ქვეყანას კი სათავეში ჩაუდგება ადამიანი, რომელიც “სისხლხორცეულად“ არის დაინტერესებული უკრაინაში ომის დასრულებით.

სტილის თქმით,  რუსეთის მოქმედი პრეზიდენტის უფლებამოსილების დასრულების ვადაზე ასევე გავლენას მოახდენს უკრაინაში ომის მსვლელობა.

“არ ვფიქრობ, რომ პუტინი ხელისუფლებაში 3–6 თვეზე მეტხანს დარჩება. არის ნიშნები, რომ მისი ჯანმრთელობა უარესდება და ეს გახდება ფაქტორი პუტინის თანამდებობიდან ჩამოსაშორებლად… და თუ ის, რასაც ამერიკის დაზვერვის ცენტრალური სამმართველო და სხვა, ჩვენი საკუთარი წყაროები გვეუბნებიან, სიმართლეა, როგორც ჩანს, ის დროის ამ პერიოდში ქმედუუნარო გახდება“–ამბობს სტილი.

ბრიტანული დაზვერვის ყოფილი თანამშრომელი ასევე განმარტავს, რომ რუსეთში ამჟამად მოქმედებს რეჟიმი, რომლის დროსაც მოქალაქეებს საკუთარი ლიდერის უნდა ეშინოდეთ, და თუ ის ქმედუნარიანობას დაკარგავს, მის მიმართ შესაბამისი ზომები გატარდება. ამასთან, სტილს ეჭვი ეპარება პუტინის შემცვლელად ლიბერალი პოლიტიკოსი მოვიდეს, რომელიც დასავლეთთან რუსეთის ურთიერთობებს გააუმჯობესებს, თუმცა მისი თქმით, სახელმწიფოს მმართველი გახდება ადამიანი, რომელიც პირადად არის დაინტერესებული ომის დამთავრებაში.

გარდა ამისა, ყოფილი მზვერვი ამბობს, რომ როგორც კი რუსეთის მიმართ დასავლური სანქციები, განსაკუთრებით კი ენერგეტიკის სფეროში სრულად ამოქმედდება, პუტინის დღეები დათვლილი იქნება.

შეგახსენებთ, რომ სტილი არის ავტორი ანგარიშისა აშშ–ს 45–ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის კრემლთან კავშირების შესახებ, რომელშიც საუბარი იყო იმაზე, რომ კრემლს ტრამპზე კომპრომატი ქონდა. ბრიტანულ დაზვერვაში მუშაობისას ის რუსეთის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა.