მაქსიმ გალკინი რუსეთში უცხოეთის აგენტად გამოაცხადეს

პაროდისტი და ტელეწამყვანი, მაქსიმ გალიკნი, რომელიც უკრაინაში ომის წინააღმდეგია, რუსეთში ფიზიკური პირების რეესტრში შეიყვანეს, რომლებიც უცხოეთის აგენტის როლს ასრულებენ. გალკინი ამჟამად რუსეთის ფარგლებს გარეთ იმყოფება. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ის ოჯახთან ერთად ისრაელში წავიდა, სადაც კონცერტებზე ომის მკვეთრი კრიტიკით გამოდიოდა. მას ასევე კონცერტები ქონდა ლატვიაში, პოლონეთში და ავსტრალიაში.

სოციალურ ქსელებში გალკინი კომენტარებს აკეთებდა ბუჩაში მასობრივ მკვლელობებზე და ამბობდა, რომ ომს არანაირი გამართლება არ აქვს.

ამის შემდეგ არტისტს რუსულ ტელეარხებზე ეთერი დაუბლოკეს. მედია ამბობდა, რომ ამის მიზეზი სწორედ იუმორისტის ანტისაომარი განცხადებები იყო და რომ ომის პირველივე დღეებში მან სარეკლამო კონტრაქტები დაკარგა.

აგვისტოს ბოლოს ცნობილი გახდა, რომ გალკინის ცოლი, ალა პუგაჩოვა რუსეთში დაბრუნდა. მას ომის შესახებ საჯარო განცხადებები არ გაუკეთებია, თუმცა სოციალურ ქსელებში აკრიტიკებდა მათ, ვინც “მტრობას თესავს“.

3 სექტემბერს მომღერალი საბჭოთა კავშირის პირველი და უკანასკნელი პრეზიდენტის, მიხეილ გორბაჩოვის დაკრძალვაზე გამოჩნდა, შემდეგ კი სოციალურ ქსელებში დაწერა, რომ გორბაჩოვი “უარყოფდა ძალადობას, როგორც პოლიტიკის და პირადი ძალაუფლების შენარჩუნების საშუალებას.“

რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ ფიზიკური პირი–უცხოეთის აგენტების რეესტრის შევსებისას მიუთითა, რომ გალკინი პოლიტიკური საქმიანობით არის დაკავებული, და ამავე დროს ფინანსურ ან სხვა სახის დახმარებას იღებს უკრაინიდან. გასულ კვირას ამავე ფორმულირებით უცხოეთის აგენტთა რეესტრში მოხვდნენ ჟურნალისტი იულია ლატინინა და მაიკლ ნაკი, ასევე ისტორიკოსი და პედაგოგი თამარა ეიდელმანი.

4 სექტემბერს გალკინის მისამართით მწვავე კრიტიკით გამოვიდა კრემლის წარმომადგენელი, დმიტრი პესკოვი. ჟურნალისტებმა მას კითხეს არტისტებთან დამოკიდებულების შესახებ, რომლებმაც ომის დაწყების შემდეგ რუსეთი დატოვეს, ახლა კი უკან ბრუნდებიან, კერძოდ პუგაჩოვა.

“არიან მართლაც ისეთები, ვინც საკუთარ თავს ჩრდილი მიაყენა უხამსი და ყველასთვის მიუღებელი განცახებებით. ეს ცალკე ისტორიაა. მე არ მომისმენია ალა ბორისოვნა პუგაჩოვას არცერთი განცხადება. მეუღლე ძალიან ცუდ განცხადებებს აკეთებდა, რომლებიც მე თვითონ წამიკითხავს. გალკინსა და დანარჩენ რუსებს აშკარად სხვადასხვა გზებით მოუწევთ სიარული“– თქვა პესკოვმა.

გალკინი უცხოეთის აგენტი ფიზიკური პირების რეესტრში რიგით ოცდამესამეა. ასეთი რეესტრი წელს აპრილში შეიქმნა, და სია ევგენი კისილიოვით და მატვეი განაპოლსკით დაიწყო. უცხოეთის აგენტი ფიზიკური პირების სიაში მოხვნენ  ცოტა ხნის წინ უკრაინელი ჟურნალისტი დიმიტრი გორდონი, ჟურნალისტი კატერინა გორდეევა, პოლიტიკოსი ივან ჟდანოვა, მუსიკოსი ანდრეი მაკარევიჩი და სხვები.

მანამდე იუსტიციის სამინისტრო აქტიურად ავსებდა უცხოეთის აგენტი მედიის რეესტრს.

ასეთ მედიას დიდი ხანია ევალება საკუთარი საჯარო მასალები აღნიშნონ სტატუსით, რომ ეს არის უცხოეთის აგენტი მედიის მიერ მომზადებული მასალა. ასევე რეგულარულად ჩააბაროს ანგარიში იუსტიციის სამინისტროს საკუთარ შემოსავლებზე და ხარჯებზე. დარღვევებისთვის სასჯელია გათვალისწინებული–მედიისთვის 300 ათასი რუბლის ჯარიმიდან 2 წლით თავისუფლების აღკვეთამდე, ფიზიკური პირებისთვის კი პატიმრობის ვადა 5 წლამდეა.

ივლისში რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა დუმის მიერ მიღებულ კანონს იმ პირთა საქმიანობის კონტროლის შესახებ, ვინც “უცხოური გავლენის ქვეშ იმყოფება“.

ახლა უკვე ოთხი მოქმედი “უცხოეთის აგენტების“ რეესტრი გაერთიანდება და აქ პირის ჩასართავად იუსტიციის სამინისტროსთვის აღარ არის სავალდებულო დაადგინოს უცხოეთის მხრიდან პირის დაფინანსების ფაქტი იმისათვის, რომ რეესტრში შეიყვანოს. აგენტად შეიძლება აღიარონ ნებისმიერი, ვინც რუსეთის ხელისუფლების აზრით “უცხოური გავლენის ქვეშ მოექცა.“