პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი IPN–თან ინტერვიუში საპარლამენტო არჩევნებს აფასებს და ამბობს, რომ დღევანდელმა ხელისუფლებამ ყველაფერზე ხელი მოაწერა და არცერთ მანკიერებაზე უარი არ თქვა.
„მან დაკარგა მორალური უფლება, რომ ხელი გაიშვიროს ვიღაცისკენ, რომ ის რაღაცას ცუდად აკეთებდა. თვითონ პრაქტიკულად არაფერზე უარს არ ამბობს. საბოლოო ჯამში, ასე ხდება, როცა შენ ებრძვი ურჩხულს მისივე მეთოდებით, იმისთვის, რომ დაამარცხო, შენ უარესი ურჩხული ხდები. ეს დაემართა სამწუხაროდ ადამიანს, რომელზეც მე პირადად დიდ იმედებს ვამყარებდი და მეგობრადაც მიმაჩნდა. ჩემთვის სევდის მომგვრელია, ადამიანი, რომელთან ერთადაც თავის დროზე ამ მანკიერებას ვებრძოდით, თვითონ დაემსგავსა იმ ურჩხულს, რომელსაც, თითქოს ერთად ვებრძოდით“, – განაცხადა ხუხაშვილმა.
მისი აზრით, როგორც უნდა გადანაწილდეს პროცენტები, ქართული ოცნების ხელისუფლება პარალიზებული იქნება და ვადამდელი არჩევნები ჩატარდება.
„ჩვენ გვეყოლება პარლამენტი, რომელშიც ერთ მხარეს იქნება რაოდენობრივი უმრავლესობა რუხი, პოლიტიკურად გამოუცდელი, უმწიფარი, პოლიტიკისთვის უცხო და მეორე მხარეს ჩვენ გვეყოლება უამრავი პოლიტიკური ლიდერი, რომელიც გამობრძნედილია გინდ ნეგატიური, გინდ პოზიტიური პოლიტიკური გამოცდილებით. დავუშვათ, პროპორცია დალაგდა 60%-40%-ზე ან 55%-45%-ზე, ასეთ მოცემულობაში, ხელისუფლება პარალიზებული იქნება. ქვეყანა დგას უმძიმესი გამოწვევების წინაშე.
ამ დროს პარლამენტში ზის შალვა ნათელაშვილიდან დაწყებული ყველა ლიდერი, რომელიც როგორც რიტორიკით, ასევე პოლიტიკური გამოცდილებით ბევრად უკეთესად გამოიყურება, ბევრად უფრო წონადად გამოიყურება, ერთ მხარეს არის ბევრად უფრო დიდი პოლიტიკური წონა და მეორე მხარეს რაოდენობრივი უპირატესობა. ეს პარლამენტი ვერ იქნება ფუნქციონალური და ამ პრობლემების ფონზე ვადის ბოლომდე ვერ გაატანას. ვადამდელი არჩევნები მაღალი ალბათობით იქნება. ვერც ერთ კანონს ვერ მიიღებენ“, – უთხრა ხუხაშვილმა IPN–ს.
ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და აცხადებს, რომ ქართულმა ოცნებამ არჩევნები გააყალბა. ისინი დღეს, 16:00 საათიდან პარლამენტთან საპროტესტო აქციას ჩაატარებენ.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ამ დროისთვის დათვლილია უბნების 88.61%. ხმები შემდეგნაირად ნაწილდება:
- “ქართული ოცნება” – 48.14%;
- “ნაციონალური მოძრაობა” – 26.78%;
- “ევროპული საქართველო” – 3.79%;
- “ლელო” – 3.22%;
- “პატრიოტთა ალიანსი” – 3.2%;
- “სტრატეგია აღმაშენებელი” – 3.15%;
- “გირჩი” – 3.%;
- “მოქალაქეები” – 1.36%;
- “ლეიბორისტები” – 1%.