მაშველები ადგილზე 2 ვერტმფრენით მიემგზავრებიან – შსს შოვში ჩამოწოლილ მეწყერზე

შინაგან საქმეთა სამინისტრო, რაჭაში შოვში ჩამოწოლილ მეწყერთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს სადაც ნათქვამია, რომ მაშველები ადგილზე 2 ვერტმფრენით უკვე მიემგზავრებიან.

“საზოგადოებრივ მართვის ცენტრ 112-ში შემოსულია არაერთი შეტყობინება შოვში მდებარე სასტუმრო „სანსეტ შოვში“ მეწყერის შედეგად მიწის მასის ჩამოშლასთან დაკავშირებით.

გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია, რომ მომხდარის შესახებ ინფორმირებულია ყველა შესაბამისი უწყება, ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და ასევე, ხდება ტექნიკის დამატება.

შემთხვევის ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენით მიემგზავრებიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები და სხვა საპოლიციო დანაყოფის წარმომადგენლები.

ამ ეტაპზე, დაშავებულების შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია არ არის, დამატებით ინფორმაციას ეტაპობრივად მოგაწვდით”, – ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, დაახლოებით 1 საათის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ რაჭაში, შოვში,  მეწყერში 16 ადამიანი მოყვა. როგორც ადგილობრივები „საქართველოს ამბებს“ უცხადებენ მეწყერში მოყოლილ ადამიანებს შორის 6 არასრულწლოვანია.