მაშველებმა ენგურში კიდევ ერთი, მე–4 ცხედარი იპოვეს. ენგურის გადმოკვეთის დროს დღეს, 7 აპრილს, 4 ადამიანი გარდაიცვალა.
ისინი ოკუპირებული გალის რაიონიდან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, ფარულად გადმოსვლას ცდილობდნენ, რა დროსაც, სავარაუდოდ, ადიდებულმა ენგურმა წაიღო.
მომხდარზე შსს-მ გამოძიება დაიწყო. საქმე აღძრულია 143-ე და 115-ე მუხლებით, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ცნობისთვის, ოკუპირებულ გალში მცხოვრებლებს ზუგდიდში გადმოსვლის დროს 5-დღიანი კარანტინის გავლა უწევთ, რის გამოც ისინი ხშირად ენგურის გადმოლახვას ამჯობინებენ.
ამ წუთებში ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა სამინისტროსთან მოქალაქეები აქციას მართავენ და ითხოვენ, ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსული ადამიანებისთვის დაწესებული 5-დღიანი სავალდებულო კარანტინი გაუქმდეს.