- თუ შოვში დაკარგულ ადამიანების შესახებ რაიმე ინფორმაციას ფლობთ, დარეკეთ ცხელ ხაზზე, ნომერზე : 598 913 089 ან 112-ში.
რაჭაში, შოვში სტიქიის ზონაში მაშველებმა 6 ადამიანი იპოვეს, რომლებიც ამ დრომდე დაკარგულად ითვლებოდნენ.
მთელი ღამის განმავლობაში სტიქიის ზონაში მობილიზებული იქნება ყველა საჭირო ტექნიკა და ამ დროისთვის დამატებითი რესურსების მობილიზება საჭირო არ არის.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა, რომ ადგილზე რთული ვითარებაა.
„რთული ვითარებაა, სტიქიის მასშტაბი ძალიან დიდია. არეალისა და ჩამოსული მასის გათვალისწინებით უპრეცედენტოა. ძალიან დიდი მასაა ჩამოსული, რამაც ძალიან დიდი ტერიტორია დაფარა. შესაბამისად, ვითარება მძიმეა. ყველა ძალისხმევა ხორციელდება, რის შემდეგაც 70 ადამიანი უკვე გამოყვანილია, 152 ადამიანია რამდენიმე ლოკაციაზე უსაფრთხო ადგილას სამაშველო და პოლიციის თანამშრომლებთან ერთად. ისინი უზრუნველყოფილი არიან ყველა იმ საჭიროებით, რაც ამ მომენტისთვის და მთელი ღამის განმავლობაში დასჭირდებათ. ხვალ დაგეგმილია უკვე მათი გამოყვანა. ამავდროულად, დაახლოებით 50 ადამიანთან ვერ ხერხდება კავშირის დამყარება. სამუშაოები ამჟამადაც გრძელდება. 400 მაშველია ჩართული სამაშველო ოპერაციაში და ღამის განმავლობაში დაახლოებით 150 მაშველია ადგილზე“, – აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.
ცნობისთვის, რაჭაში, კურორტ შოვში სტიქიის შედეგად მეწყერი ჩამოწვა. შემთხვევა სასტუმრო „სანსეტ შოვის“ მიმდებარედ მოხდა. მაშველებმა სტიქიის ზონაში 2 ცხედარი იპოვეს. დაკარგულად ითვლება 50-მდე ადამიანი.