მაშინაც იყვნენ ურწმუნოები, ვინც ამბობდა, რომ რეჟიმი არასდროს დათმობს და მაინც დაათმობინეს – ზურაბიშვილი

“მოგესალმებით ყველას ამ სიმბოლურ დღეს. ზუსტად 34 წლის წინ საფუძველი ჩაეყარა თანამედროვე, დამოუკიდებელ, ქართულ სახელმწიფოს. 19991 წლის 31 მარტს ქართველი ამომრჩეველმა დაიბრუნა საკუთარი ქვეყანა, ხმა მისცა დამოუკიდებლობას, ხმა მისცა რუსეთის ოკუპაციის სამუდამოდ დასრულებას. დამოუკიდებლობის ხელახლა მოპოვება 70 წლის საბჭოთა და რუსული მონობის შემდეგ არც ადვილი იყო და არც ადვილად სარწმუნო საზოგადოებისთვის. მაშინაც უნდობლობა, უიმედობა, ორპირობა, კონფორმიზმი და საკუთარი ინტერესები აბრკოლებდა გათავისუფლების გზას და ბუნდოვანს ხდიდა გამარჯვების გზას. მაგრამ მაშინაც იყვნენ საქართველოს მომავლისა და თავისუფლების გარდაუვლობაში დარწმუნებული მებრძოლები და მათ შეძლეს ის რაც ბევრს შეუძლებლად მიაჩნდა. ეს შეძლეს მშვიდობიანად, რთული ნაბიჯი გადადგეს. გამბედაობით და რწმენით. ვინ წარმოიდგენდა, რომ საქართველო ასეთი უმრავლესობით, ასეთი ერთიანობით გაიმარჯვებდა, რომ საქართველო ამით საკუთარ ნებას გამოხატავდა. ალბათ მაშინაც იყვნენ ურწმუნოები, ვინც ამბობდა, რომ რუსეთი არასოდეს დათმობს, რეჟიმი არასდროს დათმობს და მაინც დაათმობინეს. ეს გამარჯვება მარტივი არ ყოფილა…

დღესაც ეს მშვიდობიან ჯარი დგას რუსთაველზე და ჩვენი ქალაქების ქუჩებში, დგას და წინააღმდეგობას უწევს უსამართლობას, ძალადობას, დამონებას, დაპყრობას. თქვენ აქ მდგომი ზამთრის სიცივეში, წყლის ჭავლის ქვეშ უსახო მოძალადეების წინაშე კვლავ იგივე შემართებით უარს ეუბნებით უცხო ქვეყნის, უცხო რეჟიმის გაბატონებას. თქვენთან ერთად დგას საქართველო, დგანან ჩვენი ისტორიის ყველა დროის გმირები, 31 მარტის მოთავეები – ზვიადი და მერაბი და გვესმის მათი ძახილი – მათი სიტყვები: “მოესწრებით იმ დროს, როცა საქართველო თავისუფალი გახდება, მაგრამ იცოდეთ, თუ მაშინაც დამოუკიდებელ ქვეყანაში თავისუფლებისთვის შეწყვეტთ ბრძოლას, ამ თავისუფლებას დაკარგავთ თქვენც და ქვეყანაც”. გაგვაფრთხილეს და თქვენ განაგრძობთ ამ ბრძოლას, რომელიც არასოდეს შეგვიწყვეტია, ხან დამოუკიდებლობისთვის, ხან თავისუფლებისთვის და ყოველთვის სამართლიანობისთვის. უკვე 124 დღეა, აქ დგახართ და ითხოვთ იმის დაბრუნებას, რაც ხალხის ნებით, კანონით და კონსტიტუციით გვეკუთვნის – ჩვენი ურყევი არჩევანი – დამოუკიდებლობა, თავისუფლება და ევროპული მომავალი”

– საქართველოს ლეგიტიმურმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რუსთაველზე შეკრებილ მოქალაქეებს მიმართა.