მაჭავარიანის ქუჩასა და მარშალ გელოვანის გამზირზე მოძრაობა ორი თვით შეიზღუდება – მერია

თბილისის მერიის ცნობით, მუხრან მაჭავარიანის ქუჩისა და მარშალ გელოვანის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა ორი თვით შეიზღუდება. უწყების ინფორმაციით, ამის მიზეზი ამ ქუჩების დამაკავშირებელი გზის მშენებლობაა და შეზღუდვა 16 აგვისტოდან 10 ოქტომბრის ჩათვლით იქნება.

მერიაში აღნიშნავენ, რომ დაიკეტება მარშალ გელოვანის გამზირზე მდებარე გადასასვლელი ხიდიდან, გელოვანის გამზირის N4-ში მდებარე პროფესიულ კოლეჯ იკაროსის შენობისკენ და მიმდებარედ არსებულ დასახლებასთან მისასვლელი გზა.

“სამუშაოების წარმოების პერიოდში, აღნიშნულ ტერიტორიამდე მისვლა შესაძლებელი იქნება ახლადრეაბილიტირებული ბროწეულის ქუჩის გავლით, მარშალ გელოვანის გამზირის N8-სთან არსებულ ჰიპერმარკეტ ბრიკორამასა და აგროჰაბს შორის ამავალი გზით”, — ვკითხულობთ განცხადებაში.