“მეგობრებზე თავდასხმით შენ თავს ესხმი საქართველოს ინტერესებს” – ასე ეხმაურება, ევროპარლამენტარი, რასა იუკნევიჩიანე პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებს, ევროპარლამენტარების მიმართ. იუკნევიჩიანე ღარიბაშვილს ახსენებს, რომ მათ საქართველოზე დაკვირვების ვალდებულება აქვთ, რადგან არსებობს ასოცირების შეთანხმება ევროკავშირთან.
“ვიცი, რომ ღარიბაშვილმა კუბილიუსი და ფოტიგა მოიხსენია. ისინი სიტყვებით ომში ირაკლი ღარიბაშვილთან არ შევლენ, მაგრამ მე ვიტყვი რამდენიმე სიტყვას. პრემიერი ამბობს, რომ მათ საკუთარ ქვეყანას უნდა მიხედონ, მაგრამ ის არასწორია, რადგან საქართველომ ხელი მოაწერა ასოცირების შეთანხმებას ევროკავშირთან. ჩვენ პირდაპირი ვალდებულება გვაქვს, რომ თვალ-ყური გადევნოთ. ის, რაც პრემიერმინისტრმა ბოლო დროს ისაუბრა საქართველოს ინტერესებს ეწინააღმდეგება, როცა თავს ესხმი შენს მეგობრებს, საქართველოს საუკეთესო მეგობრებს, ისინი კი ბევრი არ გყავს. ევროპარლამენტარების უმრავლესობას საქართველოს მიმართ ინტერესი არ აქვს. მეგობრებზე თავდასხმით შენ თავს ესხმი საქართველოს ინტერესებს.
ჩვენთვის მიუღებელია, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ციხეშია და განსაკუთრებით იმ დროს, როცა სააკაშვილის საქმე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოშია. დამიჯერეთ, ბევრ ევროპარლამენტარს არ ადარდებს რა ხდება საქართველოში და არც ინტერესი აქვთ, მაგრამ თქვენი მეგობრებისთვის უკიდურესად სამწუხარო ფაქტია, როდესაც პოლიტიკოსები იყენებენ სიძულვილის ენას”, – განაცხადა იუკნევიჩიანემ.
ცნობისთვის, მიმდინარე წლის, 20 ოქტომბერს ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ევროპარლამენტარები ანა ფოტიგა და ანდრიუს კუბილიუსი საქართველოსთვის არაფერს წარმოადგენენ.
“არც ფოტიგა, არც არავინ, არც კუბილიუსი და არც არავინ, ჩემთვის და ჩვენი ქვეყნისთვის არაფერს არ წარმოადგენენ. ევროპარლამენტში არის 700 დეპუტატი და ჩვენ ვერც ფოტიგას ჭკუით ვივლით და ვერც კუბილიუსის, ყველამ მიხედოს თავის ქვეყანას”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.